ნატალია ჯვარიძე
27.01.2026

კორუფციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. რას ნიშნავს ეს ახალი დაკავება და შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ კორუფციული სკანდალებისა და ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებების ახალ ტალღაზე?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუგა თავბერიძემ 27 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღუდუშაურის დაკავება სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენაზე ჩატარებულ ტენდერს უკავშირდება.

მისი ცნობით, 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

„აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

„წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - განაცხადა გუგა თავბერიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ილია ღუდუშაურს ხელბორკილები 26 იანვარს საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაადეს.

ცნობისთვის, ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური რამდენიმე თვის წინ ასევე დაააკავეს. საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

რაც შეეხება ილია ღუდუშაურს, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ილია ღუდუშაური სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ღუდუშაურის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ოლიგარქიულ-კორუფციული სქემებით იმართება და კორუფცია მართლა რომ მოისპოს, ასეთ სისტემურ ცვლილებას თავად „ქართული ოცნება" ვერ გაუძლებს.

„ასეთი ტიპის რეჟიმები მუდმივად ქმნიან კრიზისს როგორც პარტიის გარეთ, ასევე პარტიის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მათ ნორმალურ, კონსტრუქციულ პირობებში ოპერირება არ შეუძლიათ. შესაბამისად, მუდმივად სჭირდებათ მტრის ხატი, მუდმივად სჭირდებათ დამნაშავე და რეპრესიების ახალი სამიზნეები.

„ავტორიტარულ რეჟიმებში არსებობს ბელადი. ბელადს ქვემოთ მოდიან კლანები და სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ ქიშპობაში არიან", - თქვა ფავლენიშვილმა.

დაკავებების ახალი ტალღა?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და არა მხოლოდ კორუფციასთან.

„სავსებით შესაძლებელია, რომ დაკავებების ახალი ტალღა დაიწყოს, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ამის მოტივია არა კორუფცია, არამედ რაღაც შიდა გავლენები და მათ შორის ფინანსურ ფაქტორები. სხვა შემთხვევაში ამას ობიექტური მოცემულობა ექნებოდა.

„ასეთი დონის დაკავებები თავისთავად სისტემურ პრობლემებს აჩვენებს, რომელზეც მხოლოდ ინდივიდუალური დაკავებები პასუხი არაა. მთლიანად მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს ვითარება აჩვენებს, რომ ამ წლების განმავლობაში სათანადოდ არ მუშაობდნენ.

  • „ყველაფერს ყალბი იერი ეძლევა, თუ სისტემა პაუსიხსმგებლობას არ აიღებს და ეს შეიძლება მოხდეს ხელახალი არჩევნებით", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ დაკავებების პროცესი გაგრძელდება.

„ღუდუშაური კარგა ხნის წინ იყო თანამდებობაზე, ახალი ფიგურა არ არის. ამიტომ მასთან დაკავშირებული პრეტენზიები შეიძლებოდა უფრო ადრეც გაჩენილიყო.

„საერთოდ, ეს დაკავებების ტალღა მაინც დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რასაც საჯაროდ ვაკვირდებით. დასამალი არ არის, რომ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საქართველოში არსებულ ხელისუფლებას წყალი შეუყენონ და პროცესები მთავრობის შეცვლამდე მიიყვანონ, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელით. ასეთ პროცესებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ გავლენის მქონე ადამიანების შანტაჟირება მოხდეს და ამის ფონზე გააკეთებინონ ის, რაც გარე ძალებს სურთ.

  • „ვფიქრობ, ეს დაკავებები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ფიგურების, გარე ძალებისა და ხელისუფლების შეჭიდების შედეგია.

სანამ ეს დაპირისპირებები არსებობს, მგონი ასეთი დაკავებები გაგრძელდება", - განაცხადა რამაზ საყვარელძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×