მარიამ ვეკუა
27.01.2026

თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინას საქართველოში კვლავ ეყოლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს მოაწერა ხელი. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამით უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყო. ამ მოსაზრებას ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან.

საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი მიხაილო ბროდოვიჩი იქნება. იგი უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015-2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

უკრაინის ბოლო ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი იყო. ის საქართველოდან 2022 წლის 1-ლ მარტს გაიწვიეს. გაწვევის ფორმალური მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების უარი, მოეხდინა ქართველი მოხალისეების ორგანიზებულად გამგზავრება უკრაინაში საბრძოლველად.

მას შემდეგ უკრაინა ელჩს საქართველოში არ ნიშნავდა, ჰყავდა მხოლოდ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას ხაზს უსვამს. უკრაინული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ამის მთავარი მიზეზები იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მხრივ არ შეცვლილა. შესაბამისად, ახალი ელჩის დანიშვნა, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის ხელისუფლების მიდგომისა და პოზიციის შეცვლას მიუთითებს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ ცვლილების მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ბოლო გადაწყვეტილება გახდა. პირველ რიგში კი ის, რომ საქართველო შეუერთდა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნებას - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭრიშვილმა შესაბამის დოკუმენტს 16 დეკემბერს ჰააგაშ მოაწერა ხელი.

„ოცნების" მოლოდინი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა კონკრეტული ინსტრუქციებით ჩამოდის უკრაინის ახალი ელჩი საქართველოში.

„ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით - რა ამოცანები განუსაზღვრა ელჩს, რა დავალებები მისცა. ძალიან მძიმე იყო პერიოდი, როდესაც ზელენსკი გამოჩნდა რადიკალების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე, როდესაც ხალხს მთავრობასთან დაპირისპირებაზე მოუწოდა, როდესაც ელჩი იმიტომ გაიწვია, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე. ეს მათივე მიზეზითაა შექმნილი.

„ახლა დავალება, რაც აქვს მიცემული ელჩს... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგება და ღირსეულად გაუსწორდება იმ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც დავხარჯეთ პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა ვოლსკიმ.

„ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყო.

„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომთან, მშვიდობასთან, პარტნიორობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იგივეა. ან რატომ გაიწვიეს საქართველოდან ელჩი?! კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა და ამაზე მათი პასუხი ელჩის გაწვევა იყო?! როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთვის პოლიტიკა მიდის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რას ნიშნავს ახალი ელჩის დანიშვნა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ასევე ფიქრობს, რომ ზელენსკიმ ამ ნაბიჯით საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყო.

„ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს განაახლოს ამათთან (მთავრობასთან) დიალოგი. ბოლო პერიოდში (საქართველოს) ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის რამდენიმე ინიციატივას და ზელენსკი, ალბათ, ცდილობს გარკვეულწილად კომუნიკაცია მაინც ჰქონდეს ამ ხელისუფლებასთან. მითუმეტეს, რომ საქართველოს უკრაინელი დევნილებისთვის დახმარება არ შეუწყვიტავს.

  • ვახტანგ მაისაია: „ბოლო პერიოდში (საქართველოს) ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის რამდენიმე ინიციატივას და ზელენსკი, ალბათ, ცდილობს გარკვეულწილად კომუნიკაცია მაინც ჰქონდეს ამ ხელისუფლებასთან."

„ბოლოს და ბოლოს, უკრაინის ხელისუფლება პატივს სცემს ქართველ ხალხს, რომელიც იბრძის პრორუსული რეჟიმისა და საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ კონტექსტშია საუბარი, რომ ზელენსკი პატივს სცემს ქართველ ხალხს, სახელწმიფო სუვერენიტეტს, მადლიერებას გამოხატაავს იმ პოზიციების მხარდაჭერისათვის, რაც დიპლომატიურ დონეზე იქნა მხარდაჭერილი.

„უკრაინაში საქართველო უცხო სახელმწიფო არ არის, მეზობელი სახელმწიფო ვართ საზღვაო აკვატორიის კუთხით. შესაბამისად, გარკვეულწილად ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია, უკრაინასაც აღელვებს. დიახ, უკრაინა თავად ცდილობს ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×