რეზონანსი
27.01.2026

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდს. 

საქმის მასალების მიხედვით, ამავე 2022 წლის 27 სექტემბერს, სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.  

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი  შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×