რეზონანსი
27.01.2026

ჟენევაში, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვის დროს, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასებები გააკეთეს.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიღებას, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, მივესალმებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, კერძოდ: სპეციალური სამოქმედო გეგმების შემუშავებას, ამგვარი საქმეების პრიორიტეტიზაციასა და სპეციალიზებული პროკურორების ინსტიტუტის გამოყენებას“, - განაცხადა სერბეთის წარმომადგენელმა, მაიდა კრსიკაპამ.

სიტყვით გამოსვლების დროს, საუბარი შეეხო მშვიდობიანი შეკრებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის დაცვას, ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებას და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე.

„ჩვენი რეკომენდაცია, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს. ასევე, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" და „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებები“, - განაცხადა ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, მარი რამბახმა.

ჟენევაში, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო. დელეგაცია ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×