რეზონანსი
27.01.2026

ჟენევაში, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო. დელეგაცია ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

„ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მათ შორის შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები, გარკვეული კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე აღიარებები, რომელსაც სახელმწიფოები ვერ მალავენ, როდესაც საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივების თუ სხვადასხვა მიმართულებით, რასაც კონკრეტული ეფექტი აქვს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. კითხვა არცერთი არ დარჩა პასუხგაუცემელი, ყველა თემასთან მიმართებით გვქონდა ჩვენ პოზიციები. როგორც წესი, სახელმწიფოები შემდეგ უკვე მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით საიმისოდ, რომ მომავალი ციკლის ფარგლებში კიდევ უფრო უკეთესი ფორმით წარვდგეთ გაეროს წევრი სახელმწიფოების წინაშე და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ამ რეკომენდაციების შემდეგ, უკვე აღების შემთხვევაში გვექნება როგორც შესრულების მდგომარეობა. დაველოდებით ჩვენ ოფიციალურად ამ რეკომენდაციების მიღებას, შემდეგ უკვე განვიხილავთ ქვეყნის შიგნით მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმებით“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×