რეზონანსი
26.01.2026

არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა, მარტივი, პრიმიტიული სატყუარა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საჯარო დებატების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მაშინ, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ, დებატებზე საუბარი ვერ იქნება.

„არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის უდიდესი მიამიტობა იფიქრო, რომ „ქართული ოცნება" რომელიც ტროტუარზე აპატიმრებს ადამიანებს, ვაშაძე დილას გამოუშვეს და საღამოს ისევ სასამართლოში მიიყვანეს, გივი თარგამაძე საერთოდ რატომ დააპატიმრეს? ნიკა მელია ციხეშია, ასზე მეტი პოლიტპატიმარია, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რამე სახის დისკუსია უნდათ მათ? ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა და ეს რომ ასეა გამოვლინდა დღეს, როცა დაიწყეს, რომ „იცით, ჩვენ ცუდ ოპოზიციას კი არ დავუჯდებით დებატებში". სიტყვა „ასაკრძალს" რომ იყენებენ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, ეს არის პირდაპირი კონფრონტაცია და რა დიალოგსა და დისკუსიაზეა ლაპარაკი?", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, წიკლაურმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიცია ერთობლივად ამზადებს დოკუმენტს, სადაც იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან.

„გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ამომრჩევლებისთვისაა და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. იქ არის ჩვენი ხედვები, ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი ეთიკის კოდექსიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან. ძალიან დიდი გზაა უკვე გავლილი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×