
ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ახალი წესები, ასევე, მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.
„აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს გარდამავალი პერიოდი ექნება. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დოკუმენტის თანახმად, ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური ჯარიმები, მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, კომპანიის მსოფლიო წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან ტრანზაქციის სავარაუდო ბრუნვის 300%.
2026 წლის 1-ელ მარტამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციური სირთულეები. ამ მიზნით, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, აცნობონ ხელისუფლებას და კომისიას რუსული გაზთან დაკავშირებით დარჩენილი ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც კვლავ რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ, ასევე მოუწევთ დივერსიფიკაციის გეგმების წარდგენა.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ნელ-ნელა ევროკავშირი რუსეთის გაზს და ნავთობს ზღუდავს, რაც რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
"როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2027 წლიდან მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ზოგიერთ ქვეყანას მომზადება სჭირდება, რათა რუსულ ნავთობზე და გაზზე უარი თქვან. მთლიანობაში, რუსეთის ეკონომიკა ისედაც არ არის კარგ მდგომარეობაში და თუ ეს პოლიტიკა განხორციელდა, მის მოგებას კიდევ უფრო შეამცირებს.
- როგორც ცნობილია, რუსეთი ამ ნავთობით და გაზით ახერხებს უკრაინის ომის დაფინანსებას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ დამატებითი თანხები შეუზღუდონ, რათა ვერ შეძლოს ომის გაგრძელება
და შემდგომ უფრო მშვიდობისკენ უბიძგონ.
რასაკვირველია, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რადგან ალტერნატიული მარაგები უნდა შექმნან. თუმცაღა, ფაქტია, ევროკავშირი ნელ-ნელა ამას აღწევს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".