
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მინეაპოლისში საიმიგრაციო აგენტებმა ამერიკის მოქალაქე მოკლეს.
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალს მინეაპოლისსა და სხვა ქალაქებში განვითარებულ საშინელ სცენებს, რომელთა ხილვასაც ამერიკაში ვერასდროს წარმოვიდგენდი. ნიღბიანმა ფედერალურმა აგენტებმა ადამიანები, მათ შორის ბავშვები, პირდაპირ საკუთარი სახლებიდან, სამუშაო ადგილებიდან და ქუჩებიდან გაიტაცეს. მშვიდობიანი მომიტინგეები და მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცავების საქმიანობაზე დაკვირვებისა და დოკუმენტირების კონსტიტუციურ უფლებას იყენებდნენ, დააპატიმრეს, სცემეს და ცრემლსადენი გაზით დაარბიეს; ხოლო ყველაზე მტკივნეული რენე გუდისა და ალექს პრეტის შემთხვევებია, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
„ეს ყოველივე დაუშვებელია და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ პასუხისმგებელი პირები ყოველ ნაბიჯზე გვატყუებდნენ, მოგვიწოდებდნენ, არ დაგვეჯერებინა იმისთვის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდით და სულ უფრო აგრესიულ და ანტაგონისტურ ტაქტიკას მიმართავდნენ, მათ შორის, ხელს უშლიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებებს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე ვდგებით ისეთი მომენტების წინაშე, როდესაც ჩვენი გადაწყვეტილებები და ქმედებები მომავალი წლების ისტორიას განსაზღვრავს. ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მომენტია. თუკი ჩვენს თავისუფლებას 250 წლის შემდეგ დავთმობთ, შესაძლოა, ის ვეღარასდროს დავიბრუნოთ. თითოეული ჩვენგანის ვალია, ვისაც ამერიკული დემოკრატიის იმედის გვწამს, რომ ხმა ავიმაღლოთ, ვიაქტიუროთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ეკუთვნის ხალხს - „ჩვენ, ხალხს“, - დასძინა მან.