ნატალია ჯვარიძე
26.01.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გონივრული იქნებოდა ბოდიში მოეხადა ნატო-ს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომ ავღანეთში ალიანსის მისიებში მონაწილე სხვა ქვეყნების მებრძოლები ფრონტის ხაზისგან მოშორებით იმყოფებოდნენ.

პისტორიუსის თქმით, ტრამპის კომენტარები „უხამსი და უპატივცემულობის გამომხატველი" იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდა „წესიერების, პატივისცემისა და კეთილგონიერების ნიშანი" იქნებოდა.

„მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ მოქმედებს ამერიკელი პრეზიდენტი", - დასძინა პისტორიუსმა.

მისი თქმით, სიტუაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან განიხილავს როგორც კი მას შეხვდება.

„უდიდეს პატივს ვცემ ამერიკელი ერის მიღწევებს და იმ მოკავშირეს, რომელიც შეერთებული შტატები იყო ჩვენთვის 70 წლის განმავლობაში. თუმცა პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში 19 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და გერმანიამ ნატო-ს მისიის დროს „დიდი ფასი გადაიხადა".

„59 ჯარისკაცი და სამი პოლიციელი ბრძოლაში, თავდასხმებსა თუ უბედურ შემთხვევებში დაიღუპა. დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა დღემდე იტანჯება მიღებული ტრავმით - როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური. იგივე ეხება მათ ოჯახებს, რომლებიც ამ ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებენ", - აღნიშნა პისტორიუსმა.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპის განცხადებას „შეურაცხმყოფელი და ნამდვილად საშიში" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტკივილს აყენებს იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთა ახლობლებიც ავღანეთის მისიის დროს დაიღუპნენ ან დაიჭრნენ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კი აშშ-ის პრეზიდენტს პოლონელი ვეტერანების პატივისცემისკენ მოუწოდა, რომლებმაც, მისი თქმით, მოკავშირეთა ვალდებულებების მიმართ თავიანთი ერთგულება დაამტკიცეს.

ცნობისთვის, 22 იანვარს Fox Business-თან ინტერვიუში ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ნატო-ს მოკავშირეები საჭიროების შემთხვევაში არ დაეხმარებიან შეერთებულ შტატებს და კომენტარი გააკეთა ალიანსის სხვა ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობაზე ავღანეთში 2001-2021 წლებში განხორციელებულ მისიებში. „ჩვენ მათთვის არასდროს არაფერი გვითხოვია. ისინი იტყვიან, რომ ავღანეთში ჯარისკაცები გაგზავნეს და ეს სიმართლეა. მაგრამ ისინი ცოტა უკან დარჩნენ, ფრონტის ხაზიდან ცოტა მოშორებით", - განაცხადა ტრამპმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიტუაციის უნებლიე დაძაბვას.

„ამ შემთხვევაში უნებლიე დაძაბულობას აქვს ადგილი, ვინაიდან ტრამპს ახასიათებს ასეთი ექსტრავანტული განცხადებების გაკეთება და მერე ზედმეტი მოსდის. ამის გამო სხვა ქვეყნებს მოუწიათ ბოდიშის მოხდა. ამას რაღაც შინაარსობრიბრივი დაპირისპირება არ მოჰყოლია. როგორც ყოველთვის ტრამპი არ დაუკვირდა ნათქვამს.

ნატო ყოველთვის დარჩება ტრანსატლანტიკური გაერთიანება, რომლის მიზანია გარე სამხედრო საფრთხეების აღმოფხვრა, რაც რუსეთისგან და ჩინეთიდან მოდის",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×