
ხელისუფლება, ენმ-სთან, "ახალთან" და "ლელო - ძლიერ საქართველოსთან" დებატებზე ფაქტობრივად უარს ამბობს - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "ასაკრძალი პარტიების" წარმომადგენლებთან დებატებში შესვლა "ლეგიტიმური არაა", ამასთან, დასძენენ, რომ ამ პარტიებთან "ეთერი უსაფრთხო არაა".
"ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან, ხელი მოვაწერე ამ პარტიების აკრძალვას, მათ არ მივიჩნევ ლეგიტიმურად - არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც შესაძლებელია ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ", - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით "ქართული ოცნებაც" მთლიანად ამ პოზიციაზე დადგება დებატებთან მიმართებაში.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დებატების იდეა რამდენიმე დღის წინ წამოაყენა, რაზედაც ოპოზიციამ უპასუხა, რომ მზადაა სადებატოდ.
ვის დაუჯდება "ოცნება" სადებატოდ
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებმოსალოდნელია "ოცნება" სადებატოდ ენმ-ს, "ახალს" და "ლელოს" დაუჯდეს.
"პარტიები, რომლებიც დამნაშავედაა გამოცხადებული და რომლებიც ქვეყანაში ფაქტობრივად კანონგარეშედ ითვლებიან, ვფიქრობ არ ექნება აზრი იმას, რომ ხელისუფლება მათთან დებატებში შევიდეს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს ჯერ 9-წლიანი მმართველობით და შემდეგ იმ აშკარა მოღალატეობრივი პოლიტიკით, რასაც დღისით-მზისით 2013 წლიდან ეწევიან.
"იმ სამი პარტიის გარდა, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, დანარჩენებთან დებატების გამართვა შეიძლება. მათ შორის გახარიას პარტიასთანაც და "გირჩთანაც", ორივე ჩემთვის ერთნაირია, მაგრამ გახარიას პარტიას უფრო წინ დავაყენებდი. ხვიჩიას "გირჩთანაც" შეიძლება რაღაცეებზე ლაპარაკი, თუმცა, მაგათზე იტყვიან "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო".
- "ასევე, "ქართულ ოცნებას" შეიძლება დაუჯდეს "ხალხის ძალა", "ერთიანი ნეიტრალური საქართველო". განსხვავებული მოსაზრებები და ხედვები ექნება ერთსაც და მეორესაც. ის კი არა, თავად პარტიაშიც შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები - კამათში იბადება ჭეშმარიტება და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
"სანამ ახალი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდებიან, რომლებიც საქართველოს განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულები, მანამდე ამ პარტიებთან დებატები შეიძლება",- განაცხადა გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნების" მიზანია დებატების იმიტაცია შექმნან და საბოლოო ფორმატი ის იქნება, რომ მართულ ოპოზიციას დაუჯდება სადებატოდ.
- "მიზანი იყო შეექმნათ იმის იმიტაცია, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური ფლურალიზმია და თითქოს დეპოლარიზაციის მომხრეა. ამ დროს, "ოცნებას" სურს, რომ მართული ოპოზიცია - "ხალხის ძალა", "ნეიტრალური საქართველო" და ესენი მოიწვიოს დისკუსიისთვის. გახარიას პარტიაც უარს არ ამბობს დებატებზე და ალბათ მათაც ჩართავენ.
"სხვა პარტიებზე იტყვიან, რომ ისინი არა პარტიები, არამედ კრიმინალური დაჯგუფებები, რადიკალები და აკაცუკები არიან. თუმცაღა, რეალობა ისაა, რომ ამ პარტიებთან დებატებში ვერ შევლენ, რადგან წააგებენ, ვერანაირ პასუხს ვერ გასცემენ კითხვებზე - მაგალითად, რატომ ირღვევა საქართველოში ადამიანის უფლებები, რატომაა ამდენი პოლიტპატიმარი, რატომ აცხადებს ხელისუფლება, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. ბევრი კითხვაა, რომელსაც "ოცნება" ვერანაირ პასუხს ვერ გასცემს.
"სხვა ფორმატში დებატებს არანაირი აზრი არ ექნება, მიზანია, რომ ვითომ ლეგიტიმაცია მიიღონ, რომ თითქოს სხვადასხვა ძალასთან დისკუსიებს აწარმოებს. საბოლოო ჯამში, შეიძლება დებატები გამოვიდეს დაახლოებით რუსულ სტილში, როდესაც მმართველ პარტიას დებატებში უზის არა რეალური, არამედ მართული ოპოზიცია.
"ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ წილოსანის მოსაზრება არ იქნება, ალბათ შიგნით გუნდშია ასეთი პოზიცია. "ოცნებას" სურს, რომ ლეგიტიმაცია მისცეს მართულ პოლიტიკურ პარტიებს, თითქოს საქართველოს ჰყავს ე.წ. ჯანსაღი ოპოზიცია. ეს დასავლეთის თვალში ძალიან ცუდი შესახედი იქნება, ისინი ამას სერიოზულად არ განიხილავენ. იტყვიან, რომ როცა რეიტინგული მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვენ, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობს წილოსანი
"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსენი ამბობს, რომ მისთვის მისაღები არაა "ასაკრძალი პარტიების წარმომადგენლებთან" დებატები.
"მედიასივრცის პოლარიზაცია ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმოუდგენელი გამხდარიყო ჩვენს ოპონენტებთან მედიასივრცეში ერთად ყოფნა. ეს მუდმივად გადადიოდა შეურაცხყოფაში, დაპირისპირებაში. ფაქტობრივად, დებატის მხარეს, ჩვენს მხარეს, არავითარი საშუალება აღარ იყო, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. ეს იყო ალბათ, მათი პოლიტექსპერტების რჩევა, რომ მაქსიმალური გაკეთებინათ, პოლარიზაცია მომხდარიყო როგორც მედიაში, ისე გარე სივრცეში, რათა პატარა შედეგი მაინც ჰქონოდათ.
"მათი მოლოდინი იყო, რომ ამით გარდამტეხ შედეგს მიიღებდნენ საკუთარი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, თუმცა ვხედავთ, რომ თავად რადიკალური ოპოზიცია გარდატყდა. ახლა, როდესაც ჩვენ უკვე მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენი ამომრჩევლის ბოლომდე ინფორმირებაზე და როდესაც რადიკალური ოპოზიციის ფაქტორი უკვე ნაკლებად არსებობს, დებატების აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კარგი მოლოდინის მატარებელია.
- "ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ.
"ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის, ალბათ, ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტის და ეთიკის ფარგლებში მოხდეს დებატების აღდგენა და ჩვენი გუნდი მუშაობს ამ პრინციპებზე, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, თუმცა იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა, რომ ჩვენ თავადვე ვიყავით ამის მონაწილე, რომ უკვე დებატები აღარ იმართებოდა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ მაშინ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ მათივე მოფიქრებულ ავანტიურაში და არასწორ კამპანიაში არ მივიღეთ მონაწილეობა.
"მათი მიზანი იყო, რომ მედიის მეშვეობით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მეშვეობით, მაქსიმალური დაპირისპირება დაეორგანიზებინათ. რეალურად, მთელი ეს დაპირისპირება საზოგადოებას, პოლიტიკოსებს შორის არის კარგად დაგეგმილი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი რადიკალი ოპონენტები ახორციელებდნენ," - განაცხადა წილოსანმა.