
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემა კვლავ აქტიურ ფაზაშია რვა პოლიტიკური ძალა ერთიანი სამოქმედო გეგმის ირგვლივ კონსოლიდაციას ცდილობს, თუმცა პროცესს თავიდანვე აკლია სრული კონსენსუსი. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერების მცდელობას სერიოზულად არ აღიქვამენ და მორიგ მცდელობას, ისევ მორიგ კრახად აფასებენ.
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, მიზანი მთავარი ალტერნატიული ძალის შექმნაა. აღნიშნული რვა პარტიის წარმომადგენლები ერთობის ახალ მცდელობას ოპტიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარ სტრატეგიაზე შეთანხმებას მოახერხებენ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული მოქმედება.
ამასთან, როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართული არ არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები.
- ლაშა ფარულავა: „ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, როგორ მივიდეთ ამ მიზნამდე მშვიდობიანად."
არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფებიც არიან ჩართული და ვამზადებთ დოკუმენტს. ეს არ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, ეს იქნება კონკრეტული გეგმა, როგორ მივდივართ მიზნისკენ. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც უბრალოდ არ არიან ჩართულები, თვითონ გადაწყვიტეს ასე და გაირიყეს თავი. ვგულისხმობ გახარიას პოლიტიკურ გუნდს, დანარჩენი ყველა იღებს მონაწილეობას", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
გახარიას გუნდში, ახალი გაერთიანების მცდელობას თავიდანვე გაემიჯნენ, „გახარია-საქართველოსთვის" გუნდის წევრი გიგა ფარულავამ განაცხადა, რომარავისთან გაერთიანებას არ აპირებენ.
დღეს თუ ვინმე საუბრობს გაერთიანებაზე, შეუძლიათ, გაერთიანდნენ, განსაკუთრებით, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც „ნაცების" წიაღში შეიქმნენ. მათ შეუძლიათ, გაერთიანდნენ და თავიანთ ამომრჩეველს შესთავაზონ გაერთიანებული ხედვები. ჩვენ მანამდეც არ განვიხილავდით და დღესაც არ განვიხილავთ გაერთიანებას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან", - განაცხადა გიგა ფარულავამ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა „გირჩი" ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა, მან ერთიანობის ინიციატივა გააჟღერა, მანამდე კი ოპოზიციონერების ნაწილი, აქტიურად საუბრობდა, რომ ჯაფარიძე იქნებოდა, ის ვინ, პროცესების გამოცოცხლებას შეძლებდა. ჯერჯერობით, უცნობია, შედგება თუ არა ახალი დოკუმენტი სრული კონსესუსით, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიცია გაერთიაენბის ინიციატივით გამოდის.
„ოცნების" მოლოდინი
მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მორიგი გაერთიანების მცდელობა კრახით დასრულდება, აღნიშნავენ, რომ ეს მორიგი საფრთხობელაა, რომლითაც ერთმანეთს აშინებენ.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა თქმით,
- მათიკაშვილი: „სინამდვილეში, რეალობაში, არანაირი გაერთიანება არ იგეგმება და ვერც შედგება".
„მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. რადიკალები არათუ ახლა, არამედ საარჩევნოდაც კი, საზღვარგარეთ დარბოდნენ და მხარდაჭერის მოპოვებას იქ ცდილობდნენ ნაცვლად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ქართველ ხალხში მოეპოვებინათ. ნულს ქვემოთ არსებული რეიტინგის პარტიები გაერთიანებდებიან და ამ ყველაფერს რადიკალიზმს გაღვივებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემის შესაძლებლობა ექნება? - ეს ასე არ მოხდება. მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულია და ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერას ვერ გასცდებიან",- განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ამ გაერთიანების აღქმა სერიოზულად არ შეიძლება.
„არჩევნების წინ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდნენ, არჩევნების მეორე დღეს კი „ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს შარლატანს უწოდებდა. ამათი კოალიცური გაერთიანება ან მთავრობა როგორ წარმოგიდგენიათ? შეიძლება, მათი პატრონებისთვის მსგავსი სცენარები სადმე მოქმედებს, მაგრამ საქართველოში არ მუშაობს, რადგან ქართველი ხალხი უძველესი ხალხია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ვერავინ ვერავის ატყუებს.
ოპოზიცია შეცდომებს შეცდომებზე უშვებს - პარლამენტში 61 კაცი რომ არ ზის, აქედან დაიწყეთ. მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებდით. რანაირად უნდათ, რომ შედეგი მიიღონ? ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ რევოლუციაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და რევოლუცია უნდა მოეხდინათ, ხელისუფლებაში ასე მოსულიყვნენ. არჩევნებით ათჯერ ვერ მოვიდნენ, ხოლო რევოლუციით - ექვსჯერ. ამ ტაქტიკას მათმა პატრონებმა მაინც გადახედონ, თუ მათ არ აქვთ ამის უნარი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.