
ოპონენტებთან დებატები, ფასების შემცირება, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თებერვლის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოზე ჰელსინკის კომისიის დაგეგმილი მოსმენა - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება მიმდინარე შიდა და საგარეო პროცესებზე საუბრისას.
როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, საჯარო სივრცეში საგნობრივი დებატები ყველაზე ეფექტიანი გზაა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად.
პრემიერი აშშ-ს ხელისუფლებას კვლავ სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას "სუფთა ფუნრცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით".
დებატები
კობახიძე ამბობს, რომ დებატები ყველაზე ეფექტიანი გზაა ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის კუთხით. ამბობს, რომ მზადაა ნებისმიერი "ჯანსაღი ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობისთვის".
"ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, უნდა იყოს თემატური. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც საჯარო სივრცეში უნდა გაიმართოს.
"დანარჩენი არის მედიასთან კონსულტაციების საგანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება.
- "მეც მზად ვარ, პირადად ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევისათვის.
„კი, მე მზად ვარ. სიამოვნებით, მზად ვარ, ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობისთვის", - უპასუხაკობახიძემ შესაბამის კითხვას.
ფასების შემცირება
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობს, რომ მაქსიმალურად გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის.
„პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება, რაც შეეხება კონკრეტულ კარტელურ შესაძლო გარიგებებს, ამაზე მე კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას.
"არ გვინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. უნდა დაველოდოთ ასეთ ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტების გაკეთებას. მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა.
"მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი და ამის საფუძველზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვაჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს", - განაცხადა კობახიძემ.
ვენსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში
კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი "ტრამპის მარშრუტს" ეძღვნება და "ლოგიკურია ადრესატი ეს ორი ქვეყანა იყოს".
"ჩვენი ინფორმაციით, ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება - გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის.
- "იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტში არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა. ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.
"ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოთმინებით ველოდებით", - განაცხადა კობახიძემ.
ჰელსინკის კომისია
აშშ-ს ჰელსინკის კომისია 28 იანვარს ბრიფინგს გამართავს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების შესახებ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ლორა თორნტონი და ჯო უილსონი. კობახიძე ამბობს, რომ ასეთი დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს.
"ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ჰელსინკის კომისია ამ ორ ადამიანს უსმენს, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, მათ შორის, ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა პრემიერმა.
აშშ-ზე საუბრისას პრემიერმა ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტზეც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, "ყველგან არის ორმაგი სტანდარტი", "ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოსთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ ძალადობრივ აქციებზე".
"ხუდონჰესი"
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი" არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.
„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის.
"ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, „ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა კიდევ ერთ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება".
სანქციები
"სანდრო დარახველიძეს შეუძლია ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ძალიან თამამად ისაუბროს", - ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ განხილვებში მონაწილეობას შს მინისტრის სანქცირებული მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე მიიღებს.
„თქვენ იცით, რომ ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს შეუძლია ძალიან თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომ „ფინური საგამოძიებო მედიის ცნობით, ქართული კომპანიები ჩართულები არიან რუსეთისთვის [სანქციებისგან] დახმარების პროცესში". კობახიძის თქმით, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება.
"ასეთი სპეკულაციური განცხადება თქვენ უამრავი გაგიკეთებიათ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ყოველ ჯერზე, მათ შორის, კომისიური წესით, დაადასტურეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ არავითარი ასეთი ფაქტი არასდროს არ მომხდარა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების კეთება, თუმცა კომისიური წესით არის დადგენილი, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
"თქვენ ნუ ნერვიულობთ. კომისიური წესით დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ დააზიანოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა ამას ვერ აკეთებთ იმიტომ, რომ კომისიური წესით დგინდება იმის საპირისპირო, რასაც თქვენ ამტკიცებთ. როდესაც საუბარია თქვენს მედიასაშუალებებზე, რა თქმა უნდა, სიცრუე არის თქვენი ხელწერა. რომელი ფინური? "ბი-ბი-სი" და ფინური საგამოძიებო ჩემთვის ერთი და იმავეა", - განაცხადა კობახიძემ.