რეზონანსი
26.01.2026

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, გამაოგნებელია, რომ აღნიშნულ საგანგაშო მოვლენებს ევროპელი ლიდერების მხრიდან არცერთი შეფასება არ მოჰყოლია.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მინეაპოლისში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და იმ ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სასაზღვრო სამსახურის აგენტების მხრიდან, რასაც უკვე ორი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, მეორე მხრივ კი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს და მათ მიერ მოწყობილ არეულობას.

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ პროცესებს აკვირდება, კარგად ხედავს, რომ ვითარება მძიმე და საგანგაშოა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაც მოწმობს, რომლითაც დონალდ ტრამპმა მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში ბრალეულობა ქალაქის მერს, ასევე მინესოტას გუბერნატორს დააკისრა, და "აჯანყების წაქეზებაში" დაადანაშაულა.

გამაოგნებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საგანგაშო პროცესებისა და ორმხრივი ძალადობის დაწყების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვერ ვიხილეთ ევროპული ინსტიტუტების თუ კონკრეტული ლიდერების შეფასებითი განცხადებებიც კი, მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპული ინსტიტუტები, რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები თუ ევრობიუროკრატები არათუ მსგავს, არამედ გაცილებით უმნიშვნელო პროცესებზეც კი, მუდმივად მყისიერად რეაგირებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საქართველო და ჩვენს ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებული რევოლუციური პროცესებია. არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნათლად ხედავდა, რომ მომიტინგეთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის, სამართალდამცველებისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების, საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობისა თუ სხვა, უკანონო ქმედებების მიუხედავად, რაც, საბოლოო ჯამში, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისკენ იყო მიმართული, ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა იუველირული სიზუსტით იმოქმედეს და ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე, იხსნეს სახელმწიფო უდიდესი საფრთხისგან.

აღნიშნული პროცესები 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" ძალადობრივი აქტით დაგვირგვინდა, რომლის ფარგლებში, აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრნენ და სახელმწიფო ინსტიტუტის ძალით დაკავება სცადეს. ამავდროულად, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, საქმეში ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების საკითხი. "მშვიდობიანი დამხობის" მიმდინარეობის პარალელურად, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების ძალადობრივი მცდელობა, ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპელი ლიდერები თუ ევრობიუროკრატები არათუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ გმობდნენ, არამედ სინქრონულ რეჟიმში, მოძალადე მომიტინგეებს უჭერდნენ მხარს, რითაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ღიად ახალისებდნენ! და რომ არა სპეციალური სამსახურების ეფექტიანი ქმედებები, რასაც სამწუხაროდ, არაერთი სამართალდამცველის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა, შესაძლოა ქვეყანას ეს უდიდესი საფრთხე თავიდან ვერ აერიდებინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, აღნიშნული ძალადობრივი პროცესების ფარგლებში, ჩვენ არაერთი ევროპელი ლიდერის, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლის და ევროპელი ბიუროკრატის აბსურდული განცხადება ვიხილეთ, რომლითაც ისინი ხელისუფლებას "მშვიდობიანი მომიტინგეების" მიმართ ძალის გამოყენებაში უტიფრად ადანაშაულებდნენ. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ BBC-იმ "ქართულ ოცნებას" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ნივთიერების − "კამიტის" გამოყენება დააბრალა, არადა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, "კამიტი" არათუ მიტინგების დაშლისას არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც კი, არ შეუძენია.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ევროპელ ლიდერებს თუ ბიუროკრატებს არათუ მომიტინგეთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაუგმიათ, არამედ საქართველოში პროცესების რადიკალიზაციისა და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობებში ფიზიკურადაც კი იყვნენ ჩართულნი. სიმართლის გარკვევის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაზე არცერთ მათგანს პასუხისმგებლობა არ აუღია!

ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ მცირე შეჯამებაა იმ სამარცხვინო პროცესებისა, რასაც "დიფ სთეითის" მორჩილი აქტორები საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ, დღეს კი, ამ ადამიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და გამაყრუებლად დუმან!

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზედაც წლებია ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რეალურად, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპული ქვეყნების თუ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიდი ნაწილი, "დიფ სთეითის" მიერ იმართება, შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ისინი მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს უბრალოდ არ იმჩნევენ.

ამავდროულად, ეს კიდევ ერთი, ნათელი დადასტურებაა იმ უსამართლო დამოკიდებულებისა და ორმაგი სტანდარტისა, რასაც საქართველოსთან მიმართებით წლებია ვხედავთ, თუმცა, სამწუხაროდ, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ, სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, რომელიც ძირითადად, "დიფ სთეითის" დიქტატით იცვლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მაგალითები არათუ შემცირდება, შესაძლოა კიდევ უფრო იმატოს, რადგან სწორედ ასეთია მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვის ფასი", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×