მარიამ ვეკუა
25.01.2026

ოპოზიცია მომავალი ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დაფუძნებულ დოკუმენტს ამზადებს. მათი განცხადებით, მიზანი მხოლოდ ფორმალური გაერთიანება არ არის და საუბარია გამძლე ერთობაზე, რომელიც ძლიერი ოპოზიციური თანამშრომლობის გარანტი უნდა გახდეს. რა წესებს შეიძლება დაეფუძნოს ახალი ერთობა და რა უშლიდა ოპოზიციურ ძალებს აქამდე ხელს?

მას შემდეგ, რაც „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ციხე დატოვა, მალევე დაიწყო საუბარი ოპოზიციურ ერთობაზე. თავად ჯაფარიძემ 18 იანვარს განაცხადა, რომ ეს ერთობა, „იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა - კოორდინაციაზე ბევრად მეტი"

ანალიტიკოსები ახალ გაერთიანებას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ. ექსპერტების ნაწილი პროლემას „ნაცმოძრაობაში" ხედავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის საჭირო მოტივაცია არ აქვთ.

ოპოზიციის მინიშნებები

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა.

„ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული.

„მე არ ვიცი სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება", - განაცხადა სამადაშვილმა.

„ფედერალისტების" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, თქმით, ოპოზიციური ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დამყარებული დოკუმენტი მზადდება და ეს დოკუმენტი ძლიერი ოპოზიციური ერთობის გარანტია იქნება.

„ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი თავი რაიმეს ერთობაში - თუ იარსებებს მოქცევის წესები და ეს წესები იქნება დემოკრატიული. ვმუშაობთ დოკუმენტზე და როცა მზად იქნება, გავასაჯაროებთ. მე მინდა ისეთი ერთობა, რომელიც გაძლებს, ისეთი ერთობა კი არა, რომ ერთიანდებოდნენ, „სელფებს" გადაიღებდნენ და ეგრევე იშლებოდნენ. ეს ერთობა გამძლე რომ იყოს, რაღაც წესებსა და რაღაც მიმართულებებზე უნდა იდგეს ეს ყველაფერი.

„შენ ვერ დაარწმუნებ საზოგადოებას, რომ დემოკრატიული ცვლილებები გინდა, თუ შენ თვითონ არ ხარ დემოკრატიული. თუ ხარ ისეთი ყეყეჩი, რომ ერთობას სთხოვ ადამიანებს, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებ, ეუბნები, უუნარო ხარო, ასეთი უზრდელობა არ დაიშვება. ასეთი უზრდელობა იწვევს ტოქსიკურობას. ასეთ სისულელეს რომ იძახის სააკაშვილი, „ჩმორი" არავინ არ არის, ვუპასუხებ და ეს გამოიწვევს კონფლიქტს", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ახალი წესები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ახალ წესებს ახალ ერთობაში ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერთა განცხადებებიდან ეს ჯერჯერობით, არ ჩანს.

„ყველასათვის საინტერესოა, თუ რა წესებზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. ეს ხომ პირველი არ არის, ლამის ყველა ეტაპზე ძირითადი მოწოდება ეს იყო - გავერთიანდეთო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხერხდა.

„შეიძლება მე ვერ ვხედავ და რაიმე დუღს შიგნით, მაგრამ, ეს ოპოზიციური ფიგურები, რომლებიც დღეს გაერთიანების ინიციატორები არიან, კარგა ხანს იყვნენ საპყრობილეში და ფიქრის საშუალება ჰქონდათ. იქნებ რამე მოიფიქრეს...

„ჯერჯერობით განცხადებები, რომლებიც მათ გაერთიანებას ხელს შეუწყობდა და გააძლიერებდა, არ ჩანს. მითუმეტეს ამ მომენტისთვის, არც არჩევენებია მოახლოებული, ასეთი გაერთიანების აუცილებლობა თითქოს არ დგას და რატომ წამოიწია ახლა ამ თემამ, არ ვიცი", -განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მოკლედ გვპასუხობს, რომ ამ ერთობის არ სჯერა:

„მე ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებ, ვფიქრობ, აქედან არაფერი გამოვა".

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე საერთოდ არ არსებობს მოტივაცია, თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ ოპოზიციური ძალები.

 

  • დავით ზურაბიშვილი: „მე ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებ, ვფიქრობ, აქედან არაფერი გამოვა".

„ახლა ვერანაირ წესებს ვერ შემოიღებ, ეს საერთოდ არ არის კონკრეტული რაღაც გამაერთიანებელი, მოტივატორი... ასეთი რამ არ არსებობს - რატომ უნდა იყვნენ ესენი ერთად, რის გამო? მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ? - არ მგონია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აქამდე რა უშლიდა ხელს ერთობას

რამაზ საყვარელიძე საუბრობს „ნაცმოძრაობის" ფაქტორზე და ამბობს, რომ სწორედ ეს უშლის და უშლიდა ხელს ერთობის პერსპექტივას.

 

 

  •  რამაზ საყვარელიძე: „მემგონი მანდ ლოგიკური ხაფანგია ოპოზიციისთვის; უფრო ზუსტად, ხაფანგი შეიძლება არავის დაუგია, მაგრამ თვითონ უგებენ საკუთარ თავს ამ ხაფანგს".

„როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეშმაკი დეტალებშია. მემგონი მანდ ლოგიკური ხაფანგია ოპოზიციისთვის; უფრო ზუსტად, ხაფანგი შეიძლება არავის დაუგია, მაგრამ თვითონ უგებენ საკუთარ თავს ამ ხაფანგს. კერძოდ, თუკი ოპოზიციამ მკაფიო უარი არ თქვა „ნაცმოძრაობის" მიღებაზე, მათთან გაერთიანებაზე და მისი პოლიტიკის გაზიარებაზე, იქნება ეჭვი რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა" მოჰყავთ."

„ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია იმ პერიოდს აქტიურად არ აკრიტიკებს. ხელისუფლებაც სარგებლობს ამით და იძახის, რომ ეს „ნაცმოძრაობის" განშტოებებია. სანამ ეს ასეა, როგორც 2012-ში ძალიან მოინდომა ხალხმა, რომ „ნაცმოძრაობა" გაეშვა ხელისუფლებიდან, ეს ხალხი არ დაუშვებს, რომ „ნაციონალები" მობრუნდნენ. „ნაციონალებზე" უარის გარეშე ოპოზიციას პერსპექტივა არ ექნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ერთობა შესაძლოა „ნაცმოძრაობის" გარშემო შეიკრას.

„ბევრი პრობლემაა. საერთოდ, ჯერ ერთი - რატომ უნდა იყოს ერთი ოპოზიცია, ერთი პარტია, ასეთი მსოფლიოში არ არის, უბრალოდ ზოგან არის წამყავნი ოპოზიციური ძალები - აი, ვიღაც, ვისაც სხვაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მერე წვრილი პარტიები აკეთებენ მის გარშემო ერთობას. აქ, ამ შემთხვევაში, ასეთი ლიდერი არ არის.

„ასე რომ, ჯერ ერთი, თუ ასეთი გაერთიანება მოხდა, უფრო რეალურია, რომ „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოხდეს. მაგალითად, გვარამიას პარტიაც „ნაცმოძრაობიდან" არის გამოსული, ვაშაძის პარტიაც, „გირჩი - მეტი თავისუფლებაც". ეს მაინც იქნება „ნაცმოძრაობის" ფლანგზე და ვინც „ნაცმოძრაობის" ფლანგზე არ არის მე ამ ერთობაში ცოტა რთულად წარმომიდგენია - „ლელო", „გახარიას პარტია" და სხვები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რამაზ საყვარელიძის აზრით, „ნაცმოძრაობის" ფაქტორის გარდა, იმისთვის რომ შიდა კონფლიქტები გამოირიცხოს და ერთობას პერსპექტივა ჰქონდეს, ოპოზიციამ „ნულოვანი პოზიციიდან უნდა დაიწყოს ხელახლა თავისი ოპოზიციონერების ამოშენება".

„სახელმწიფოში კრიზისი როცა სახეზეა, სახელმწიფო აწყობს ხელახალ არჩევნებს, რომ ნულოვანი წერტილიდან დაიწყოს პროცესი. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა აქვს ოპოზიციას - მან ნულოვანი პოზიციიდან უნდა დაიწყოს ხელახლა თავისი ოპოზიციონერების ამოშენება, თორემ თუ მათ ენდომებათ გააგრძელონ ტრადიცია, მათ შორის „ნაციონალების" ტრადიცია, მიიღებენ იმ შედეგს, რაც „ნაციონალებმა" მიიღეს - ხალხი უარს იტყვის მათ მოყვანაზე ხელისუფლებაში", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×