მარიამ ვეკუა
25.01.2026

პენტაგონმა აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ევროპის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ეტაპობრივად თმობს და ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვის ძირითადი ტვირთის საკუთარ თავზე აღებას სთხოვს. დოკუმენტი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრიორიტეტები ინდო-წყნარ ოკეანეზე და ჩინეთის შეკავებაზე გადადის, რაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალ რეალობას აყალიბებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოთხ მთავარ პრიორიტეტს ასახელებს: სამშობლოს დაცვა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავება „ძალის მეშვეობით და არა კონფრონტაციით", აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის აღებული პასუხისმგებლობის გადანაწილება, აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრიორიტეტი სამშობლოს დაცვაა. ამიტომ, დეპარტამენტი სწორედ ამას მიანიჭებს პრიორიტეტს, მათ შორის ამერიკის ინტერესების დაცვას დასავლეთ ნახევარსფეროში", - ნათქვამია დოკუმენტში.

  • „დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ, აშშ-ის მხრიდან კრიტიკული, მაგრამ შეზღუდული მხარდაჭერით. ეს გულისხმობს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებას.

მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ევროპას. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ევროპამ მის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

ფაქტობრივად, თუკი აქამდე აშშ-ს ევროპის უსაფრთხოების დაცვა პრაქტიულად მთლიანად თავის თავზე ჰქონდა აღებული, ეს მიდგომა იცვლება.

„დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ, აშშ-ის მხრიდან კრიტიკული, მაგრამ შეზღუდული მხარდაჭერით. ეს გულისხმობს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, ევროპის პასუხისმგებლობაა.

„ასევე, დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან, რათა მათ თავდაცვის ხარჯების შესახებ აღებული ვალდებულება შეასრულონ. ასევე, დეპარტამენტი ტრანსატლანტიკური თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებასა და ბარიერების შემცირებაზე იმუშავებს, რათა თავდაცვითი მიზნების მისაღწევად კოლექტიური შესაძლებლობები მაქსიმალურად გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, მისი გლობალური ეკონომიკური სიძლიერის წილი მცირდება", - აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი.

  •  „რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ დარჩება

დოკუმენტში საუბარია რუსეთის შესახებაც:

„რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ დარჩება".

ახალი სკანდალი

ამის პარალელურად, აშშ-სა და ევროპის დაპირისპირება კვლავ გრძელდება და დავოსში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებულმა ერთმა განცხადებამ ახალი სკანდალი გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან" მიცემულ ინტერვიში განაცხადა, რომ „ნატო-მ ავღანეთში რამდენიმე ჯარისკაცი გაგზავნა და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ცოტა უკან დარჩნენ". ამას მწვავედ გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება შეურაცხმყოფელია და გულწრფელად რომ ვთქვა, საშინელია. არ მიკვირს, რომ ამ სიტყვებმა დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს ტკივილი მიაყენა. მსგავსი სიტყვები მე რომ მეთქვა, ბოდიშს აუცილებლად მოვიხდიდი", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა

პარასკევს ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს ლიდერის კრიტიკის საპასუხოდ ახალი განცხადება გაკეთდა.

„პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოსთვის მეტი გააკეთა, ვიდრე ალიანსის ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ ერთად", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტეილორ როჯერსმა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერმა კი „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა ნელ- ნელა საკუთარ თავს ანადგურებს..

„ევროპა საკუთარ ენერგეტიკაზე რეგულაციებით, მწვანე ენერგიასა და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებით ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს. ევროპა საკუთარ თავს უპასუხისმგებლო მიგრაციული პოლიტიკით ანადგურებს. იგი წლების განმავლობაში საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებს არ დებდა და საკუთარი თავდაცვის სუბსიდირებისთვის აშშ-ის იყენებდა", - განაცხადა სტივენ მილერმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ნატო-სთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ ისინი (ნატო) არასდროს დაგვჭირვებია, ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია მათგან ".

ცნობისთვის, ავღანეთში 150 000-ზე მეტი ბრიტანელი სამხედრო მსახურობდა, რაც ქვეყანას აშშ-ის მეთაურობით კოალიციაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორად აქცევს. ამ მისიებში ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქქართველოს სამხედრო მისია ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×