
28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს, - განცხადება "ჰელ კომმა" საკუთარ გვერდზე უკვე გაავრცელა და მსურველებს დისკუსიაში ჩართვაც შესთავაზა. ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, - საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2025 წლიდან სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას აქტიურად ეწევა და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს.
ამჟამად, თორნტონი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორის პოსტს იკავებს. ის ღიად უჭერს მხარს ქართულ ოპოზიციას, მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც შარშან ამავე ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა. თორნტონი აკეთებს მოწოდებებსაც თბილისში აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში, სოციალური ქსელით მან ქართველ ხალხს მოუწოდა, პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელი დაეყარათ.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქალბატონი ლორა, რომელიც ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა საქართველოში და საიდანაც ფინანსდებოდა, ამერიკაში ის ორგანიზაცია გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა იმ მიზეზით, რომ USAID-ი ხელს უშლიდა სხვა ქვეყნებში ეროვნულ განვითარებებს და პირიქით - ერეოდა შიდა პოლიტიკაში. ამას გარდა, სამწუხაროდ, ქალბატონი ლორა გამოირჩევა ზიზღით საქართველოსთან მიმართებაში. ასე რომ, ის თუ სადმე რაიმე ცუდ სიტყვას იტყვის საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კარგად ვითარდება. ეს ის ადამიანია, რომელიც ომს უსურვებდა საქართველოს და ეუბნებოდა, რომ რუსეთთან შესულიყო კონფლიქტში საქართველო იმ იმედით, რომ დაეხმარებოდნენ პარტნიორები, ოღონდ როგორ დაეხმარებოდნენ, არ ეუბნებოდა. ასე რომ, ჰელსინკის კომისიაში კი არა, სადაც არ უნდა გამოვიდეს ქალბატონი ლორა, მისი სიტყვა გაუფასურებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.