რეზონანსი
24.01.2026

საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა, მათ დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გარემოებები ტყუილსა და სიყალბეზეა აგებული.

„საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მათ, ერთი მხრივ, დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული. დროებითი ღონისძიება, რომელიც მოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, რომ გაეუქმებინა არჩევნების შედეგები, თავადვე იცოდნენ, რომ განწირული იყო მარცხისთვის. ეს ყველაფერი არც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში. სირცხვილი რომ თავიდან აერიდებინათ, იტყოდნენ, ეს ჩვენი საჩივარი არ არის, ეს ვინმე ალავიძის საჩივარია. ყველა ყველაფერს კარგად ხვდება.

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ დადასტურდება მათი სპექტაკლი. თუმცა აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით, ისინი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სამხილები ჰქონდათ. 400 000 ხმა რომ გაყალბდა, პირადობა ჩამოერთვა ასი ათას მოქალაქეს, რატომ არ არის სარჩელი შესული ამ გაყალბებასთან? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტყუილზე და სიყალბეზე იყო აგებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, მათივე მხარდამჭერებიც კარგად მიხვდნენ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×