
აშშ-ის ვიცე-პრეიდენტი ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ვიზიტი „ტრამპის მარშრუტის" განვითარების ფარგლებშია დაგეგმილი. ის ფაქტი, რომ სამხეთ კავკასიაში სტუმრობისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს გვერდს აუვლის და ზოგადად, ამ ვიზიტთან და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში საქართველო ნახსენები არ არის, ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკის საფუძველს აძლევს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველო პრაქტიკულად გაქრა აშშ-ის პოლიტიკური რადარებიდან, რაც სერიოზული პრობლემაა.
ოფიციალური ინფორმაციით, ჯეი დი ვენსის ვიზიტისას ერევანში საუბარი იქნება ნახევარგამტარების წარმოებასა და მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობაზე, ბაქოში კი სამხედრო თანამშრომლობასა და აზერბაიჯანისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე.
თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, „რაც დასავლეთს საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი ჰქონდა, ფაქტიურად ნელ-ნელა გადაინაცვლებს სომხეთსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანში". მისივე თქმით, „ჰიპერ აქტიურიბაა საჭირო", რომ საქართველომ არ დაკარგოს ის პოზიცია, რაც ბოლო 35 წელია აქვს რეგიონში.
ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე წერს, რომ საქართველო „მთავარი პროცესების მიღმა" დარჩა.
„სამშვიდობო დერეფნის გარშემო შეთანხმების დეტალებთან ერთად. როგორც ჩანს, აშშ სომხეთში ნახევარგამტარების წარმოების გაშლას აპირებს (მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოება მსოფლიოში), ასევე ატომური ელექტროენერგიაზე მსჯელობას. აზერბაიჯანი ამერიკულ სამხედრო ნაწარმს შეისყიდის. ჩვენი მეზობლები საბოლოოდ ეხსნებიან რუსეთს და ამერიკული ინტერესების, ინვესტიციების უდიდესი შანსი ეძლევათ. ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია.
„საქართველო დარჩა მთავარი პროცესების მიღმა, ივანიშვილის რუსულ მაფიოზურ სტრუქტურაში. როცა ჩვენი მეზობლები საკუთარი ქვეყნების მშვიდობაზე ზრუნავენ, საქართველოს რეჟიმის მთავარი საზრუნავია ტროტუარზე დგომისთვის გაშმაგებით ხალხის დაჭერა. ამ კატეგორიის ხალხია მმართველობაში", - წერს დეკანოიძე.
ტრამპის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ბაქოსა და ერევანს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის" განვითარებას ხელი შეუწყოს.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს.
- „ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავ შეთანხმებას, შეთანხმებებს ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანისთვის აშშ-ში წარმოებული თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას".
რატომ არ ჩამოდის ვენსი საქართველოში
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რადარების ქვეშ სომხეთ-აზერბაიჯანი მოხვდა და საქართველო არა, ქვეყნის საგარეო და სასინაო პოლიტიკიდან გამომდინარე.
„საქართველოს ხელისუფლებამ კარგა ხანია თვითიზოლაციის გზა აირჩია. ეს გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას, რომელმაც განაცხადა, რომ არ უნდა ვიყოთ საჯილდაო ქვა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის, ამ დიდი სახელმწიფოების და დიდი ძალების მეტოქობაში საქართველო რადარებიდან უნდა გაქრეს. ამას მიაღწიეს და ქვეყანა რეალურად სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა, რომელიც მთელი 35 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
„უმნიშვნელო გახდა პირველ რიგში მისი საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე და მერე ამას საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მოჰყვა. უკვე გახდა უინტერესო და სტრატეგიულად უმნიშვნელო როგორც აშშ-სთვის, ისე ევროკავშირისთვის. რეგიონალურ პროექტებში, უსაფრთხოება იქნება თუ კორიდორები, აშშ და ევროკავშირი უკვე საქართველოს მინიმალურად მიაზრებენ, რომელზეც „ქართული ოცნება" მთელ თავის გეგმებს აგებს, ესეც კი საფრთხის ქვეშაა.
„აზერბაიჯანსა და სომხეთისთვის ვენსის სტუმრობა და თუნდაც ის, რომ ამ თემაზე დასავლეთში სტატიები იწერება, ნიშნავს, რომ ეს ორი სახელმწიფო ტრამპის ადმინისტრაციის რადარებში მოხვდა, რაც ადვილი არ იყო. სომხეთი ამით ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის, რომელიც მას ყარაბაღის გამო წლების განმავლობაში ჰქონდა. ის ფრთხილად ნელ-ნელა ცდილობს რუსეთის კლანჭებიდან გამოვიდეს.
„რაც დასავლეთს საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი ჰქონდა, ფაქტიურად ნელ-ნელა გადაინაცვლებს სომხეთსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებში ორი სხვადასხვა ტიპის რეჟიმია და ევროკავშირისთვის სომხეთთან ურთიერთობა უფრო მისაღებია.
„ქვეყანაში ძირეული ცვლილებებია საჭირო როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ შეიძლება ყალბი მულტივექტორალიზმი ვუწუდოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველა ძალასთან ურთიერთობა უნდა გქონდეს, ხოლო როცა დასავლეთთან იზოლაციაში ხარ, ეს არაა მულტივექტორალიზმი.
„ეს საგარეო პოლიტიკა ფაქტია, რომ არ ამართლებს. თუ საშინაო პოლიტიკაში არ განხორციელდა ის ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ვერ გახდება მიმზიდველი ვერც დასავლეთისთვის და ვერც ვერავისთვის. რისკები არსებობს, რომ საქართველომ რეგიონალური თვალსაზრისით პოზიციები დათმოს და ჩვენ ამას ვხედავთ იმ განცხადებით, რაც თუნდაც ალიევმა გააკეთა.
- „ამ სიტუაციაში ჰიპერ-აქტიურობაა საჭირო, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის ადგილი, რაც ჰქონდა და რაც არც ამ და არც წინა ხელისუფლების მონაპოვარი არაა, ესაა მთელი 35 წლის მონაპოვარი. ამას, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ვთმობთ.
„არ ვიცი ხელისუფლება რამდენად იაზრებს, მაგრამ საფრთხეა ის, რომ რუსეთი ნელ-ნელა სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს, ხოლო ყველაზე სუსტი და მოწყვლადი კი საქართველო დასავლეთთან იზოლაციისგან გამომდინარე. ბუნებრივია, რუსეთი ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს იგივე ჰიბრიდული ტიპის შეტევებით - რბილი ძალის გამოყენებით, პროპაგანდისტული განცხადებებით. მაგალითად, დუგინის ცნობილი განცხადება, რომელმაც „ოცნების" ტერიტორიულ მთლიანობის იმედებს ცივი წყალი გადაასხა. ეს ქვეყანას ძალიან მძიმე რეალობაში აყენებს, რომელიც უკვე პარტიულ პოლიტიკასთან დაკავშირებული აღარაა - „ქოცებთან", „ნაცებთან" და ა.შ.", - განაცხადა კაკაჩიამ.
კითხვაზე, რას ნიშნავს ტრამპის მიერ ნახსენები სომხეთთან „ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება", კაკაჩიამ გვითხრა:
„ნაწილობრივ უსაფრთხოების გარანტიების მინიშნებაცაა, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის განცხადებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მან რამდენიმე დღის წინ ირიბად საქართველო და კიდევ სხვა ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრა. იმ იზოლაციური პოლიტიკიდან, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია მისდევს, უფრო ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობენ ხელს და უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგრადობას, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იყოს.
„არაა გამორიცხული სომხეთის ხელისუფლებამ სთხოვა, რადგან მათ აქვთ ატომური სადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და ალბათ საუბრები იყო ამის მოდერნიზაციაზე, არაა გამორიცხული ამაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ღიად ცნობილი არაა", - განაცხადა კაკაჩიამ.