რეზონანსი
24.01.2026

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში, ვიდრე ახალი წესრიგი დამყარდება სამყაროში, საქართველომ უნდა შეძლოს თავისი პოლიტიკით სამშვიდობოს გასვლა.

„შეუძლებელია, პატარა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკა ბოლომდე გაატაროს და ბოლომდე დაიცვას თავისი ინტერესები, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი სამშობლო და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ და რაც უცხო ქვეყნებისათვის არის საინტერესო. ყოველთვის უნდა სცადო, მაქსიმალური სარგებელი წამოიღო ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციიდან. ჩვენ ამას ვცდილობთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკა. პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ ჩამოიქცა დღემდე არსებული მსოფლიო წესრიგი და ახლა მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და ახალი წესრიგის ჩამოყალიბება. ეს პროცესი კი, სამწუხაროდ, ბევრი ომისა და სისხლიღვრის გარეშე არ ჩაივლის.

ასეთ დროს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად საზოგადოებას განსაკუთრებული სიბრძნე, სიფხიზლე და მობილიზება გვმართებს, რომ მსხვერპლის როლში არ აღმოვჩნდეთ. დღევანდელ ვითარებაში, ვფიქრობ, გაჩნდა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მშვიდობით გავიდეთ სამშვიდობოს, მანამ, ვიდრე ახალი მსოფლიო გადანაწილება არ მოხდება და სამყაროში ახალი წესრიგი არ ჩამოყალიბდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×