
ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური დებატების ჩატარებას ემიჯნება - „ქართული ოცნების" ინიციატივას ილუზიურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ „მორიგ ხრიკს" არ უნდა წამოეგონ. პარალელურად, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები საჯარო პოლემიკაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. ვინ შევა დებატებში და რას მოუტანს ეს პროცესი ოპოზიციურ ფლანგს?
ჯერჯერობით ზუსტდ უცნობია, ვინ მიიღებს დებატებში მონაწილეობას, თუმცა ოპოზიციონერების ნაწილმა დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა. მათ შორისაა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა „გირჩი" ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე, ასევე ესპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაც.
შეგახსენებთ, დებატების ჩატარების ინიციატივა, 22 იანვარს, პრემიერმა კობახიძემ სოციალურ ქსელში გააჟღერა.
იქნება თუ არა დებატები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკა ჩიტაძეს აზრით, რეალური დებატების ჩატარება რთული იქნება.
„დიდი ალბათობით, შესაძლოა ხელისუფლების კონტროლირებად მედიებზე მოიწვიონ მართული ოპოზიცია, რაღაც ისეთ თემებზე, მაგალითად, ფასებთან დაკავშირებით და ე.წ დისკუსია აწარმოონ."
„თუ, ვთქვათ, პროევროპული ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია, იქნა მოწვეული... ცოტა რთულია დებატების წარმართვა „ოცნების" წარმოამდგენლებთან, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდიან. როცა განსხვავებულ აზრს აფიქსირებ. გაცხადებენ აგენტად... „ოცნებასთან" ცოტა რთულია დებატების წარმართვა. მე თვითონ მაქვს ამის გამოცდილება, რამდენჯერმე მიმიაღია მონაწილეობა", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეს აზრით კი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დებატები სრული ფორმატით ჩატარდეს.
„მცირეა იმის ალბათობა, რომ ეს დებატები სრული ფორმატით შედგება. შეიძლება ცალკეული მომენტები იყოს, ერთ-ორმაც ხომ თქვა თავისი პირობებით. მე არ ველი და 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ ეს დებატები ჩატარდება.
- პეტრე მამრაძე: „მცირეა იმის ალბათობა, რომ ეს დებატები სრული ფორმატით შედგება. შეიძლება ცალკეული მომენტები იყოს, ერთ-ორმაც ხომ თქვა თავისი პირობებით. მე არ ველი და 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ ეს დებატები ჩატარდება."
„თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის პრემიერის სწორი და დროული ინიციატივა და მე გეტყვით რატომ. საქმე ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ანტიეროვნულმა ძალებს - გამონაკლისი შეიძლება იყოს იაგო ხვიჩიას „გირჩი" (ეპატაჟურები, მარგინალიზებულები, მაგრამ მტრები არ არიან) დანარჩენი ყველანი (დაწყებული გვარამიათი და მელიათი, ხაზარაძე-ჯაფარიძე, გახარიათი დამთავრებული) ესენი არიან საქართველოს მტრები - არანაირი იდეოლოგია თუ მოსაზრებები საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს ეკონომიკა, სოციალური საკითხები, არაფერი არ აქვთ. ისინი ამაზე არ მუშაობენ. მთელი ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა მათი სრული სიღარიბე და ბანკროტობა ამ დარგში. ასე რომ, დებატი მათი მხრიდან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიტინგის რეჟიმი, ლანძღვა-გინება, დაუსაბუთებელი ცილისწამება და ა.შ.", - განაცახადა მამრაძემ.
რას მოუტანს დებატები ოპოზიციას
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციონერები დებატებს დათანხმდებიან, ისინი ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენენ.
„პროდასავლურ ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, უნდა მოილაპარაკონ. აქაც ერთი ვარიანტია - მივიდნენ, დასხდნენ „ოცნების" წარმოამდგენელთან, თქვან თავისი სიტყვა, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას", როგორც მხარეს აღიარებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ იტყვიან სიტყვას, ბევრ რამეს ნათელს მოჰფენენ".
ჩიტაძე იზიარებს იდეას, რომ ოპოზიციონერები დებატების ჩატარებას უნდა დათნხმდნენ, თუმცა გარკვეული დათქმებით.
- ნიკა ჩიტაძე: „ოცნებასთან" ცოტა რთულია დებატების წარმართვა. მე თვითონ მაქვს ამის გამოცდილება, რამდენჯერმე მიმიაღია მონაწილეობა".
„მეორე მხრივ, რომ არ მივიდნენ, ასეთი მომენტია, რომ არ ვცნობთ ამ ხელისუფლებას და მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს; მაგრამ, მაშინ, „ოცნებას" მიეცემა შესაძლებლობა, რომ მართული ვითომ ოპოზიცია მოიყვანოს.
„მე პირადად მხარს ვუჭერ იდეას, რომ ოპოზიცია მივიდეს, დაჯდეს დებატებზე, ოღონდ თავისი წინაპირობებით, მაგალითად, ნეიტრალურ ტელევიზიაში ჩატარდეს დებატი და ორივე მხარეს მიეცეთ 5-5 წუთი, არავინ არავის არ უნდა გააწვეტინოს სიტყვა. მე თუ დამიკავშირდებიან, კი, შეიძლება, წავიდე, თუმცა მარტო არ უნდა ვიყო, 4-5 ადამიანთან ერთად. უბრალოდ, როცა მარტო შენ გიწევს ოპონირებას წამყვანი, ეს არ არის დებატი."
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია დებატებს რომც დათანხმდეს, ეს მათი პოლიტიკური ბანკროტობის ლუსტრაცია იქნება.
„დისკუსია არის ერთადერთი კამათი, სადაც ორივე მხარეს უნდა წმინდა ჭეშმარიტების დადგენა და ორივე მხარე იყენებს კორექტულ მეთოდებს. სოფისტიკა კი არის ის, როცა მეორე მხარის დამარცხება სურთ და იყენებენ სრულად არაკორექტულ მეთოდებს.
„ამაზე თუ წავლენ... თუმცა, ამაზე რომც წავიდნენ, ეს იქნება კიდევ ერთი მათი ძალიან მკვეთრი რელიეფური ლუსტრაცია, მათი არარაობისა, მათი პოლიტიკური, ინტელექტუალური, ბანკროტობისა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის თვალში. ამიტომ არის კიდეც, რომ ქუჩაში (აქციებზე) რამდენიმე ათეული ადამიანი თუ გამოდის ხოლმე. კარგია ის, რომ პრემიერმა კიდევ ერთხელ შესთავაზა - გაქვთ პრეტენზიები? გაქვთ მოსაზრებები? მოდი, დავსხდეთ და ჩამოაყალიბეთ. ამასაც ვერ ჩამოაყალიბებენ", - განაცხადა მამრაძემ.
ვინ არის წინააღმდეგი
ოპოზიციონერების ნაწილი, დებატების ჩატარების წინააღმდეგია, ისინი დებატების ჩატარების ინიციატივას „სულელურს" უწოდებენ.
- სალომე სამადაშვილი: „მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი."
„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების" მიერ მოგონილ რაღაც მორიგ ხრიკს იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის - ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და წინ ელოდება საერთაშორისო წნეხის მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, დღეს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაც ხრიკი, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ჩვენი ქვეყნის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს,
„მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ" წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე და მეტიც, მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ ტელევიზიაში. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც რამე სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ წამოვეგოთ", - განაცხადა სამადაშვილმა.