
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საია-ს სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, დიდი ნაწილი სარჩელისა, რომელიც საია-მ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია.
„სარჩელის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა და მეტიც - ნაწილზე იმ სარჩელისა, რომელიც იქნება განხილული, უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაებადა სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიმართ, ვიდრე მოპასუხის მიმართ.
ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ISFED-მა იკადრა, მსგავსად იმისა, რასაც დღეს საია კადრულობს, ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.