რეზონანსი
24.01.2026

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას კვლავ აკრიტიკებს. ის თავის ვიდეო-ბლოგში მაყურებლებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ მათ არ სჯერათ კლიმატის კრიზისის ან იმის, რომ მამაკაცს შეუძლია ქალად იქცეს, ან იმის, რომ ისლამი მშვიდობის რელიგიაა, მაშინ ისინი ამ ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ არიან. 

ცენზურა სოციალურ ქსელებში პოსტის გამოქვეყნების გამო, ქვეყნიდან გაძევება ან, შესაძლოა, პატიმრობაც კი დიდი ბრიტანეთის დღევანდელი ყოფის განუყოფელი ნაწილია - აცხადებს ტრასი და პრობლემის მთავარ წყაროდ მემარცხენე ძალებსა და მათ იდეოლოგიას ასახელებს.

„თუ არ გჯერათ კლიმატის კრიზისის, ან იმის, რომ მამაკაცს ქალად გადაქცევა შეუძლია, ან ისლამის, როგორც მშვიდობის რელიგიის, მაშინ თქვენ ბრიტანეთში სასურველი სტუმარი არ ხართ. ეს კი მაშინ, როცა ყოველდღიურად ასობით მიგრანტი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ქალთმოძულე ქვეყნიდან, როგორიც ავღანეთია. ზოგი მათგანი საშინელ დანაშაულს სჩადის, მათ შორის ისეთს, როგორიც გოგონების გაუპატიურებაა. შემოუშვეს ზიზღის მქადაგებლები, რომლებიც ჯიჰადისკენ მოუწოდებენ და ანტისემიტურ რიტორიკას მიმართავენ. რატომ აკეთებს ამას მთავრობა? პასუხი მარტივია: მემარცხენეები, არჩეული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები იმედგაცრუებულნი არიან, რომ საზოგადოება მათ ხედვას „მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა“ არ იზიარებს. მათ შეაღწიეს ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა BBC, პოლიცია და ბიუროკრატია. კანონი იარაღად აქციეს. ბრიტანული ბანდები კონტროლის ქსელის ნაწილია, რომლის დამყარებასაც ბრიტანული სახელმწიფო იმისთვის ცდილობს, რომ აკონტროლოს ნარატივი, შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა. ადამიანებს სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნებისთვის, რომელსაც მთავრობა არ ეთანხმება, აპატიმრებენ. არსებობს ორმაგი სტანდარტი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, იზიარებთ, თუ არა თქვენ ელიტის აზრს. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ რეჟიმი ისევ დრაკონული და არათავისუფალია. ამის დასაძლევად პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ ვინ ადგენს ამ წესებს და ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცენ“, - თქვა ტრასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×