
მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის მამა „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი შვილი ავალიანთან საჩხუბრად არ მისულა. ის პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და ამბობს, რომ მასწავლებლის გარდაცვალება დაგვიანებული ოპერაციის შედეგია.
„მოწმე ჰყვება სასამართლოზე, რომ ერთი პატარა ნაკაწრიც არ ჰქონდა ავალიანს. ბიჭები, რომლებიც დასახმარებლად მივიდნენ ამბობენ, რომ შუბლზე ვასხამდით წყალსო, ნაკაწრი არ ჰქონიაო, გარდა მოწმეების ჩვენებისა, არის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბავშვს ხელში არ უჭირავს ქვა, არც რამე სხვა ნივთი, ურტყამს მუშტს, საწყალი გიგა ავალიანი ვარდება და არტყამს თავს. იქ იყო კამერა, რომელმაც ჩაიწერა ხმა, სადაც ისმის, როგორ ეუბნება ერთი მეორეს, რატომ დაარტყიო?
ასევე, საქმის მასალებში დევს ის, რომ გიგა საავადმყოფოში მოხვდა კონტაქტური. მან უთხრა ექიმებს, რომ დაერეკათ დედისთვის. ქალბატონი ეკასაც აქვს ნათქვამი, რომ დამირეკეს მითხრეს, არ ინერვიულო, არაფერი ხდებაო. იმავე მასალაში დევს ის ფაქტები, რომ სანამ ქალბატონმა ეკამ არ დაიწყო ყვირილი, რომ ბავშვს კატე გადაუღეთო, მანამდე არ გადაუღეს. შემდეგ კატე რომ გადაიღეს, ერთი საათი არ ჰყავდათ ადამიანი, ვინც ამ კატეს დიაგნოზს წაიკითხავდა, ამაზეც დაიკარგა დრო, როცა წაიკითხეს, დასკვნაში დაწერეს, რომ ოპერაციას არ საჭიროებს. გადის 3 საათი, სისხლი ჩაექცა ბავშვს, უსივდება შუბლი, დედა ტეხავს ერთ ამბავს, ამის შემდეგ უკეთებენ ჩვენებას.
მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, დამნაშავეები ვართ იმაში, რომ მუშტი დავარტყით და არა იმაში, რა მოვლენები განვითარდა. პროკურატურის მხრიდან უსამართლობა ხდება. ჩვენზე ნადირობა ხდება. არ შეიძლება, პატარა ბავშვები იხდიდნენ 15 წელს, რისთვის? დემეტრე იწვა სიცხით სახლში და ახლა ემუქრება 14 წელი“, - ამბობს ბრალდებულის მამა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
წყარო: „TV პირველი“