რეზონანსი
23.01.2026

ისეთი დახამებულია, იმდენად ვერ ქმნის ოპოზიცია თავის დღის წესრიგს, რომ მზად არის, ბიძინას გადმოგდებულს, ბიძინას მინათებულს გაუსწორდეს. ბიძინა ფანარს რომ მიანათებს სადღაც, ესენი გამორბიან და იმ მინათებულთან დგებიან, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დებატებთან დაკავშირებული ინიციატივის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის 2016 წლიდან ოპოზიციის შიგნით ითხოვს დებატებს, თუმცა ამაზე არავინ თანხმდება. მისი განმარტებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ არიან მზად დებატებისთვის, რადგან 13 წელია, ამაზე არ უმუშავიათ.

„რა უნდა მათთან დებატებში ჯდომას, ის დებატები ხომ იმისთვის უნდათ, რომ საკუთარი თავის ნორმალიზება მოახდინონ?! ჯერ იმაზე დაფიქრდი, რატომ გეძახის... მაგრამ ისეთი დახამებულია, იმდენად ვერ ქმნის ოპოზიცია თავის დღის წესრიგს, რომ მზად არის, ბიძინას გადმოგდებულს, ბიძინას მინათებულს გაუსწორდეს. ბიძინა ფანარს რომ მიანათებს სადღაც, ესენი გამორბიან და იმ მინათებულთან დგებიან.

დებატები ხომ რაღაცისთვის გინდა, რომ შენი უპირატესობა აჩვენო, შენი ხედვა აჩვენო. ძაღლის ყბა მაქვს გამობმული და 2016 წლიდან ოპოზიციის შიგნით ვითხოვ დებატებს იმიტომ, რომ ერთიანი აზრი არ გვაქვს ოპოზიციაში. მილიონი რამ გვაქვს, რაც გასარჩევია - როგორ დავიცავთ ქართველების უსაფრთხოებას, როგორ გამოვასწორებთ ქართველი ბავშვების განათლების სისტემას, როგორ გამოვასწორებთ ჯანდაცვის სისტემას - ამას ვითხოვ წლებია და უარს მეუბნებიან. არ არიან ფორმაში, რომ ვინმეს დებატებში დაუსხდნენ. ვერ დამისხდებიან დებატებში, არ არიან მომზადებულები. ეს გასული 13 წელი არავის უმუშავია იმაზე, რისი შეცვლა უნდა ამ ქვეყანაში, როცა რეჟიმს შეცვლის, მარტო ლაპარაკობენ იმაზე, ძალაუფლება როგორ ჩაიგდონ ხელში. ყველა სატელევიზიო ეთერი, საბოლოო ჯამში, მანდამდე მიდის, მაგრამ რატომ უნდა ჩაგიგდონ ძალაუფლება ხელში, მოდით, ამაზე ვიკამათოთ. მაგრამ ამას არ აკეთებენ, ყველა ოპოზიციური არხი ჩახურულია.

4 ოქტომბერს რაც მოხდა, ეს ხომ ნაყიდი დღის წესრიგების, ამ მოგონილი, „მოდელირებული ქრონიკების“ ბრალია, რომელშიც სააკაშვილი ან ხაზარაძე ფულს იხდის და ტელევიზიები მწვანილის დახლებად აქცია“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, სადაც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ერთ კვირაში დაამარცხებდა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, თუ ხალხს სააკაშვილი ლიდერად ესახება, მისი ციხიდან დასახსნელად რამეს მაინც გააკეთებდა. მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები 200-კაციან მარშსაც ვერ მართავენ.

„იმის ზრდილობაც არ ჰყოფნის, რომ 400 დღეზე მეტია, ქართველი ხალხი გარეთ დგას და იბრძვის და ეს ეუბნება, თქვენ უნიათოები ხართო, ეს თვითმარქვია აფერისტი, არაფრის მაქნისი, პოლიტიკური ლეში. აი, ეს ადამიანი ამ ხალხს ეუბნება, თქვენ არაფერს არ განასახიერებთ, ყველანი უნიათოები ხართ და მე რომ გამოვალ, ერთ კვირაში დავამთავრებო. არ გახსოვთ, 2016 წლამდე თავის პარტიას რას უკეთებდა? მაგას იძახდა, სანამ მე არ ჩამოვალ, არაფერი არ გამოვაო, ხომ ჩამოვიდა? ვინ გამოვიდა მაგის დასახსნელად ან მაგის დაძახებულზე ან საერთოდ, ვინ იზრუნა მასზე, 200-კაციან მარშს ვერ უკეთებენ, კაცი ციხეშია. თუ ლიდერია და თუ ხალხს ის უნდა, მის დასახსნელად რამეს ხომ გააკეთებდნენ? 200-კაციან მარშს ვერ აწყობენ, სხვის აქციებს „ეტენებიან“ მისი ბანერებით, რომ ეგება “ფორმულას“ ან „ტვ პირველის“ ეთერში მოახვედრონ და იმან „ვივამედში“ ან ციხეში დაინახოს, რომ რაღაც აქცია იყო, სადაც მისი ფოტო ეჭირათ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დამყარებული დოკუმენტი მზადდება და ეს დოკუმენტი ძლიერი ოპოზიციური ერთობის გარანტია იქნება.

„ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენი თავი რაიმეს ერთობაში, თუ იარსებებს მოქცევის წესები და ეს წესები იქნება დემოკრატიული. ვმუშაობთ დოკუმენტზე და როცა მზად იქნება, გავასაჯაროებთ. მე ერთობა კი არ მინდა, მე მინდა ისეთი ერთობა, რომელიც გაძლებს, ისეთი ერთობა კი არა, რომ ერთიანდებოდნენ, „სელფებს“ გადაიღებდნენ და ეგრევე იშლებოდნენ. ეს ერთობა გამძლე რომ იყოს, რაღაც წესებსა და რაღაც მიმართულებებზე უნდა იდგეს ეს ყველაფერი.

შენ ვერ დაარწმუნებ საზოგადოებას, რომ დემოკრატიული ცვლილებები გინდა, თუ შენ თვითონ არ ხარ დემოკრატიული. თუ ხარ ისეთი ყეყეჩი, რომ ერთობას სთხოვ ადამიანებს, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებ, ეუბნები, უუნარო ხარო, ასეთი უზრდელობა არ დაიშვება. ასეთი უზრდელობა იწვევს ტოქსიკურობას. ასეთ სისულელეს რომ იძახის სააკაშვილი, „ჩმორი“ არავინ არ არის, ვუპასუხებ და ეს გამოიწვევს კონფლიქტს“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×