რეზონანსი
23.01.2026

ამერიკული გაზეთი The New York Times-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატოს დასასრული ახლოვდება და ეს სულაც არ არის კატასტროფა“, რომლის ავტორია რაჯან მენონი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის კოლინ პაუელის სახელობის სამოქალაქო და გლობალური ლიდერობის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ემერიტუს-პროფესორი.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის იმედები გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით დასასრულს მიუახლოვდა. ოთხშაბათს მან უარი თქვა სამხედრო ინტერვენციის პერსპექტივაზე და ტერიტორიის მოსაპოვებლად ტარიფებით მუქარის გეგმაც დაივიწყა. ამის ნაცვლად, მან Truth Social-ზე დაწერა, რომ არსებობს „ჩარჩო“ შეთანხმება, რომლის დეტალებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კრიზისი თავიდან აცილებულია. ეს შვებაა, თუმცა ამ აგრესიის დავიწყება შეუძლებელია. ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა კუნძულის - დანიის ავტონომიური ტერიტორიის - ყიდვა და საჭიროების შემთხვევაში მისი ძალის გამოყენებით დაკავებაც შეეძლო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დამფუძნებელი და მთავარი მფარველი, ალიანსის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში შეჭრით დაიმუქრებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ აქამდე მივედით“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბოლო კვირების შოკის შემდეგ, ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს: ნატო ისეთი სახით, როგორითაც მას ვიცნობთ - ალიანსი, რომელიც 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენდა - დასასრულს უახლოვდება“.

„რა თქმა უნდა, მისი დაშლა მყისიერად არ მოხდება და ის არაერთგვაროვან რყევებს გამოიწვევს. თუმცა, ეს არ იქნება კატასტროფა. ევროპას, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოება დიდი ხანია ვაშინგტონისთვის ჰქონდა ქვეკონტრაქტით გადაბარებული, გააჩნია როგორც მოტივი, ასევე საშუალება საკუთარი თავის დასაცავად. მეტიც, მიმდინარე კვირამ აჩვენა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს იგი, როდესაც მისი ლიდერები ერთხმად მოქმედებენ. ტრამპისეული ტურბულენტობის ფონზე, ევროპას ეძლევა შანსი, ამერიკის ჩრდილიდან გამოვიდეს“, - წერს რაჯან მენონი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „გაურკვეველია, დაიცავდა თუ არა ტრამპი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პუნქტს - მე-5 მუხლს. მეტიც, ტრამპს წარსულში არაერთხელ მიუნიშნებია, რომ შესაძლოა საფრთხის ქვეშ მყოფი ნატოს მოკავშირეები არ დაიცვას, ხოლო ახლახან, როდესაც მასზე ზეწოლა განხორციელდა, მან არც გრენლანდიის გარშემო არსებული დავის გამო ნატოდან გასვლა გამორიცხა“.

„არცერთ პრეზიდენტს არ შეუქმნია ამხელა ეჭვი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისადმი. ეს, როგორც ჩანს, მომდინარეობს ტრამპის ზიზღიდან ევროპის მიმართ - განწყობა, რომელიც დაუნდობლად არის გამოხატული მისი ადმინისტრაციის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, - წერს სტატიის ავტორი.

რაჯან მენონის თქმით, „ევროპელები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ პრობლემა მხოლოდ ტრამპია, რადგან ევროპისადმი ანტიპათია რეზონანსს პოულობს MAGA-ს რიგებში, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმაც, სრულიად შესაძლებელია, ის ჩაანაცვლოს“.

„ხოლო თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატი“ გაიმარჯვებს, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად მოახდენს ფოკუსირებას ჩინეთზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაშინგტონის სტრატეგიული პრიორიტეტები სხვა მიმართულებით გადანაცვლებას განაგრძობს“, - ნათქვამია სტატიაში.

„ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ამერიკულ მფარველობაზე ათწლეულების მანძილზე დამოკიდებულებამ გააზარმაცა, ნატოს გარეშე სამყარო თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა მათ აზროვნება უნდა შეიცვალონ. მხოლოდ პასიური დამოკიდებულების მოშორებითა და სამხედრო ავტონომიისკენ სწრაფვით შეძლებს ევროპა, ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, გათავისუფლდეს იმ ქვეყანაზე დამოკიდებულებისგან, რომელიც სულ უფრო ხშირად უყურებს თავის ტრადიციულ მოკავშირეებს ზიზღითა და ქედმაღლობით“, - დასძინა სტატიის ავტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×