მარიამ ვეკუა
23.01.2026

პოლიტიკური დებატების ჩატარების თემა დღის წესრიგში დაბრუნდა - ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დისკუსიების შეწყვეტა „გარედან დაკვეთილია", ოპოზიციის ნაწილი კი დებატებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. ვინ და რა ფორმატში შევა საჯარო პოლემიკაში და გადაიქცევა თუ არა დებატების ინიციატივა რეალურ პროცესად, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკურ იმიტაციაა?

ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს დებატებში მონაწილეობას, რა ფორმატში ან სად ჩატარდება, თუმცა პრემიერის მიერ 22 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პოლიტიკურ სპექტრში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პრემიერის წერილში ვკითხულობთ, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დებატები?კი ბატონო"

ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ დებატებისთვის მზადაა, ნაცმოძრაობას კი ფიქრის რეჟიმში რჩება და, ჯერჯერობით, პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა, ამბობს, რომ დეპატებზე პრობლემა არ აქვს.

„დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ. პარლამენტში როდესაც ვეუბნებოდით ფასები მაღალიაო, მართალი აღმოვჩნდით? კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! კრიმინალს მიაქვს ქვეყანაო, მართალი არ აღმოვჩნდით?! აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით. აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე გაიმარჯვებს", - აღნიშნა ვაშაძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ ფეისბუქზე მცირე პოსტი გამოაქვეყნა: „ირაკლი კობახიძე, პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს".

„გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ კი განაცხადა, რომ „რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს", მონაწილეობა უნდა მიიღონ.

  • შარაშიძე: „გიორგი გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება."

„ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი გუნდიდან „ქართულ ოცნებას" დებატებზე არაერთი შეთავაზება ჰქონია. „ოცნება" აქამდე ნებისმიერი ტიპის დებატებზე უარს აცხადებდა."

(...) მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" რეალურად კი არ სურს დებატები და დემოკრატიული პროცესები, არამედ უნდა შეფუთოს, რეალურად დებატების სიმულაცია მოახდინოს, მაინც სწორად მიგვაჩნია „ქართული ოცნების" ელექტორატისთვის ბრძოლა. „ქართული ოცნების" მხრიდან რაც არ უნდა თავს მოხვეული ფორმატი იყოს, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ," - განაცხადა შარაშიძემ.

რაც შეეხება პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას დებატებში მონაწილეობაზე დასმულ კითხვას, შარაშიძის თქმით, გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„გიორგი გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება. რა თქმა უნდა, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებზე რომ არ დაჯდება, მგონი, ამას თავადაც კარგად ხვდებით", - აღნიშნა შარაშიძემ.

„დაველოდოთ ფორმატს"

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.

„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა.

  • კალაძე: „ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა.

აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოში იქნებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დებატებში შემოვლენ.

„ქართული ოცნება" და ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი, განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს

. თუ საზოგადოებამ კვლავ იხილა ისეთი არაჯანსაღი დებატები, ამას უკვე თავისი რეაქცია მოჰყვება. იმედი გვაქვს, დღეს საქართველოში უკვე ისეთი ჯანსაღი ძალები იქნებიან, რომლებიც ჯანსაღ დებატებში შემოვლენ. თუ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია.

....თუ დებატები ჯანსაღად წავა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში 10:0 დამარცხებული გამოვა „ნაცმოძრობა" და მისი წარმომადგენლები. დაველოდოთ ფორმატს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღი ფორმატი იქნება შემოთავაზებული", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×