მარიამ ვეკუა
23.01.2026

გრენლანდია დიდი თამაშის ცენტრშია - აშშ ღიად აცხადებს, რომ არქტიკული კუნძულის ირიბ დაცვას თავად უზრუნველყოფს და მის სტრატეგიულ რესურსებზე წვდომას ითხოვს, ევროკავშირი კი უსაფრთხოების მხარდამჭერ პაკეტზე მუშაობს. რატომ იქცა გრენლანდია გლობალური ძალების ინტერესთა გადაკვეთის წერტილად და შეიძლება თუ არა ამ საკითხმა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოკვეთოს?

ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ მოექცა ეს ხრიოკი, ყინულოვანი კუნძული დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ეპიცენტრში.

„გრენლანდიას სტრატეგიული დანიშნულება აქვს - ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, მეორე მხრივ, საფრთხეა ევროპისთვის, რადგან ევროპული ძალების ერთიანობის უძლურებას აშიშვლებს. აქედან გამომდინარე, ახლა არის ეს პიკი, ტრამპმა ძალის დემონსტრაცია მოახდინა ვენესუელაშიც. ამის გარდა საუბარია იმაზეც , რომ ჩრდილოეთში ყინულები დნება და ახალი გზები ჩნდება, შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად მოახდენს ამაზე შეერთებული შტატები რეაგირებას, ტრამპისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა."

  • შოშიაშვილი: „ვფიქრობ, რომ ეს წელი გრენლანდიის პრობლემის გადაჭრის წელი იქნება"

ექსპერტის თქმით, გრენლანდიის საკითხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაც.

„ვფიქრობ, რომ ეს წელი გრენლანდიის პრობლემის გადაჭრის წელი იქნება, შესაბამისად, ამაზე ბევრი რამ არის აგებული, მათ შორის ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაც."

კითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს გრენლანდიის გარშემო პროცესები და როგორ იმოქმედებს ეს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობაზე, გვპასუხობს:

„კი, გრენლანდიის საკითხმა გამოაჩინა ეს ბზარი, ჩვენ ვხედავთ რომ ევროპელები, ერთი მხრივ, მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, მეორე მხრივ, თვითონ რიტორიკაშიც ეტყობათ, რომ მზად არიან, თუ რაღაც ესკალაცია მოხდეს, დათმონ. იქ საუბარი იყო ფინანსურ საკითხებზეც, დანიამ გაყიდა 100 მლნ-ის ობლიგაციები, ეს მიანიშნებს, რომ თვითონ დანიაც კი ემზადება ამ გადაწყვეტილებისთვის, ირიბად, შეიძლება პოლიტიკურად ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ეკონომიკურად უკვე ჩანს."

აშშ მინერალებს ითხოვს

„გვსურს, გავიზიაროთ ამ მინერალებითა და რესურსებით მდიდარი ულამაზესი მიწის სიმდიდრე, რომელსაც ფუნდამენტურად ვიცავთ", - განაცხადა ვიცე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, რეგიონში უცხოურ აგრესიას აკავებს არა დანიის, არამედ ამერიკის სამხედრო ძალას.

„რა უშლის ხელს რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიაში შეჭრაში? ეს დანიის ძალაა? რაც არ უნდა მიყვარდეს დანია, უნდა ვთქვა, რომ არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ძალაა", - აღნიშნა ვენსმა.

„რა მოხდება, თუ, ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე უცხო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს? - შესაძლოა, მთელი ჩვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემის დესტაბილიზაცია მოხდეს, თუ არქტიკას არ გააკონტროლებთ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ნაკლებად უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნა ვენსმა.

მისივე თქმით, ევროპელი ლიდერების კრიტიკა პოლიტიკური პოზიციონირებაა და რომ მათი საჯარო დაპირისპირება პირად საუბრებს არ ასახავს.

„ისინი საჯაროდ ცალსახად აცხადებენ „არას", მაგრამ ცალსახად აცხადებენ „არას" პირად საუბრებში? აბსოლუტურად არა", - აღნიშნა ვენსმა.

„ჩვენ, სინამდვილეში, გვიყვარს ევროპა. იმდენად გვიყვარს ევროპა, რომ მოვითხოვთ, რომ გააკეთონ ის, რაზეც მათივე ხელმძღვანელობა უარს ამბობს, კერძოდ, იზრუნონ საკუთარ თავზე და იყვნენ უფრო ჭკვიანები", - აღნიშნა ვენსმა.

ევროკავშირის სრული მხარდაჭერა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბლოკის აღმასრულებელი ორგანო არქტიკის უსაფრთხოების მხარდასაჭერ პაკეტზე მუშაობს.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უდავოა და რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოების გასაძლიერებლად მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვმუშაობთ არქტიკის უსაფრთხოების მხარდაჭერის პაკეტზე", - თქვა მან.

ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში გამართული ლიდერების რიგგარეშე სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიას ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ეს ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ, რომელიც აუცილებელია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - აღნიშნა კოშტამ.

  • კოშტა: "ევროკავშირი გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას და დაიცავს საკუთარ თავს, თავის წევრ სახელმწიფოებს, თავის მოქალაქეებსა და კომპანიებს იძულების ნებისმიერი ფორმისგან.

„გვჯერა, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობები მართული უნდა იყოს გულწრფელობით და პატივისცემით", - აღნიშნა კოშტამ.

მისი მტკიცებით, ევროკავშირი, საჭიროების შემთხვევაში, დაიცავს საკუთარ თავს, წევრ სახელმწიფოებს, მოქალაქეებს და კომპანიებს „ნებისმიერი ფორმის იძულებისგან".

„ევროკავშირი გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას და დაიცავს საკუთარ თავს, თავის წევრ სახელმწიფოებს, თავის მოქალაქეებსა და კომპანიებს იძულების ნებისმიერი ფორმისგან. მას ამის გაკეთების ძალაუფლება და ინსტრუმენტები აქვს და ასე მოიქცევა, საჭიროების შემთხვევაში", - აღნიშნა კოშტამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×