რეზონანსი
23.01.2026

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულ ფასებთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.

„პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც იყიდება ერთსა და იმავე ევროპულ და ქართულ ქსელში, ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება. სულ რომ იმ ბრინჯს თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს არანაირი ლოგიკით. ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86%-იანი ფასნამატია, ეს ნიშნავს, რომ სადღაც არის 150%, სადღაც - 70%, საშუალოდ 86%-ია ფასნამატი და ვფიქრობთ, კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია ძალიან გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ. ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები იქნება, თუმცა ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფასებმა დაიწიოს გარკვეულ პროდუქტებზე და როდესაც საუბარია არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე, არამედ კომისიის მანდატი ვრცელდება საწვავსა და მედიკამენტებზეც. დღეს კომისიის ფორმატში გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს გვექნება მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს უკვე საწვავთან დაკავშირებით. სქემა ყველგან ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ანალოგიური მეთოდით ვიმუშაოთ და ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×