
გიორგი გახარიას გარეშე გვიჭირს, თუმცა პარტია ფუნქციონირებას აგრძელებს , - შესაბამისი განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის შიდა განხილვები პარტიის ლიდერთან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს საშუალებას აძლევს გუნდს, შეინარჩუნოს ფუნქციონირება და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში.
კერესელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური რესურსების სიმწირე პარტიისთვის ახალი პრობლემა არ არის.
„რა თქმა უნდა, გვიჭირს ბატონი გიორგი გახარიას გარეშე. ჩვენ დისტანციურად ვახერხებთ საქმიან განხილვებს. მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს ვახერხებთ პარტიამ იფუნქციონიროს და პოლიტიკურ საქმიანობებში აქტიურად იყოს ჩართული.
უფულობას მიჩვეულები ვართ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით ამ კუთხით არასდროს არ ვყოფილვართ განებივრებულები. ასე თუ ისე ვუძლებთ და ვიტანთ",- აცხადებს კერესელიძე.
ამასთან, კერესელიძემ გიორგი გახარიას სასამართლო პროცესებზე ისაუბრა, რომელიც 20 ივნისისა და ე.წ. „ჩორჩანას საქმეს" ეხება. მისი თქმით, გამოძიება უსაფუძვლოა და „თითიდან გამოწოვილ, ყალბ ბრალდებებს" ეყრდნობა.
კერესელიძე, ასევე, შეეხო ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხს და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორი და აუცილებელი იყო.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ სოფელი დაიცვა და სახელმწიფო ინტერესები უზრუნველყო. კერესელიძე აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლების რიტორიკა და ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულებას ემთხვევა.
„არაფრის მომცემი, თითიდან გამოწოვილი, ყალბი ბრალდებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს გამოძიება 20 ივნისთან და „ჩორჩანას საქმესთან" დაკავშირებით. დღეს, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გახარიას მიეცეს შესაძლებლობა დისტანციურად ჩაერთოს პროცესზე. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა კატეგორიულ უარზე წავიდა, ხოლო სასამართლომ პროკურატურის ნების წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.
თავის დროზე ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით გიორგი გახარიამ დაიცვა ეს სოფელი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. დღეს ხელისუფლება რა ნარატივებზეც საუბრობს და რა ხედვაც აქვს ემთხვევა საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულებას. ხელისუფლება ამ საგუშაგოს აიღებს თუ არა ამის თქმა გამიჭირდება. შესაძლებელია, რომ მიიღოს საგუშაგოს აღების გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია დაუთმოს საოკუპაციო რეჟიმს, რაც იქნება სამშობლოს ღალატის ტოლფასი", - აცხადებს კერესელიძე.
გარდა ამისა, გადაცემაში კერესელიძემ ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება აქამდე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემო არსებობდა, ინფლაცია არ იყო პრობლემური და ლარი სტაბილური იყო, თუმცა დღეს, კერესელიძის შეფასებით, ირკვევა, რომ ვითარება სრულიად განსხვავებულია.
მისი განცხადებით, ის უჭერს მხარს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესები მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
"როდესაც ხელისუფლება აქამდე თავს იწონებდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს კონკურენცია, არ არსებობს ინფლაცია, ლარი გამყარებულია, თავისუფალი ბაზარი, თურმე ყველაფერი პირიქით ყოფილა. უფრო მეტი, ეს ხელისუფლება იყო, როდესაც საქართველოს მოსახლეობის საპენსიო ფონდის დანაზოგები სხვადასხვა სექტორში ჩადეს. ერთ-ერთი სექტორი იყო სასურსათო პროდუქტის ქსელი.
ყოველთვის ვუჭერდი მხარს და დავუჭერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, როდესაც ამას მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს. ამ მოცემულობასა და რეალობაში, რაც საქართველოში გვაქვს, არ მჯერა რომ ეს არის გულწრფელი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მგონია, რომ ეს არის გავლენებისა და ძალაუფლების გადანაწილება კლანებს შორის", - აცხადებს კერესელიძე.
კითხვაზე, რა ფაქტორები შეიძლება გახდეს ფასების შემცირების საფუძველი, საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორების რაოდენობის ზრდას გულისხმობს.
„ფასების შემცირებაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, რაც ნიშნავს ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის მეტ მწარმოებელს და მეტი იმპორტიორი. როდესაც არ არის კონკურენცია მაშინ ხდება გარიგებები, მაღალი ფასები დაწესება და ა.შ.
ფასებთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ვალუტის სიმყარეს, ინფლაციას, იმპორტული პროდუქციის გაიაფებასა და გაძვირებას...", - აცხადებს კერესელიძე.