
ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ინფორმაცია რითეილ ასოციაციასა და „აგროჰაბში“ დაადასტურეს. სუს-მა სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება მოვლენებს, რადგან პრობლემა, რის გამოც ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა საკოორდინაციო საბჭო შექმნა, პროდუქტების მაღალი ფასია და ეს თითოეული მოქალაქის ჯიბეს აცარიელებს. საბჭო გუშინ ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, დღეს კი სუს-მა მათგან დოკუმენტაცია გამოითხოვა.
„რითეილ ასოციაციაში“ ადასტურებენ, რომ სუს-მა შესამოწმებლად განჩინებით მიმართა. ამოიღეს სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაცია: ხელშეკრულებები, ინვოისები, ფაქტურები. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტებში სუს-ი შევიდა, ამას პანიკა და შიში არ მოჰყოლია:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. მოითხოვეს პროგრამული ბაზები. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. მოულოდნელად არ მომხდარა, წინასწარ დაგვირეკეს, თუ ხართ ოფისშიო, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვედით. ფასებთან დაკავშირებითაა, რაზეცაა ბოლო პერიოდი საუბარი. შესყიდვებთან დაკავშირებით აინტერესებთ ყველა ტიპის დოკუმენტაცია“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დირექტორმა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ათობით განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სასურსათო კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. თუმცა, სუს-ის გააქტიურებას წინ უძღოდა 21 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ამ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესის თავისუფლება მთავარია.
„თუმცა, აქ შემოდის სოციალური ასპექტი. იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი აქვს მოსახლეობას, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა საერთო სურათში. არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება არსებული პრაქტიკა შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასის დაწევა. მთლიანობაში, ჯამური საშუალო ფასნამატი, ჩვენი დაანგარიშებით, შეადგენს 86%-ს. ხუთი წლის განმავლობაში, მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. აეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებას ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის მიერ გერმანიის მაგალითის მოყვანა ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, რადგან გერმანიაში შეიძლება მარკეტების რაოდენობა ნაკლები იყოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქსელების რაოდენობა მეტია და მოქმედებს ძლიერი ანტიმონოპოლიური კონტროლი. შედეგად, ფასებიც დაბალია. საქართველოში კი ორი-სამი დიდი ქსელი აკონტროლებს ბაზრის უმეტეს ნაწილს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, ფასები კოორდინირებულად მართონ. გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, საქართველოში სუპერმარკეტების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს კონკურენციის გაძლიერებას, არამედ პირიქით - ბაზრის კონცენტრაციის ზრდას, რაც ფასების ბუნებრივი კლების შესაძლებლობას საგრძნობლად ამცირებს.
„ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა შეზღუდულია მაღალი ბარიერებით - მიწის, ლოგისტიკის, მომწოდებლებთან კონტრაქტებისა და კაპიტალის კონცენტრაციით. თავის მხრივ, მსხვილი ქსელები სარგებლობენ მასშტაბის ეკონომიით: მათ აქვთ დაბალი შესასყიდი ფასი, უფრო ეფექტიანი ლოჯისტიკა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. წესით, ეს უნდა იწვევდეს ფასის შემცირებას. თუმცა, რეალურად მაღალი რჩება ან ერთდროულად იზრდება სხვადასხვა ქსელში.
ამ დროს პირიქით უნდა ხდებოდეს, თუ კომპანიების რაოდენობა იზრდება ფასებიც უნდა იკლებდეს, რადგან საწარმოს მასშტაბი პირდაპირ უკავშირდება თვითღირებულებას და შესაბამისად ფასსაც. მასშტაბის ეკონომიისას როდესაც წარმოების მოცულობა იზრდება, ფიქსირებული ხარჯები (ქირა, დანადგარები, ადმინისტრაცია) ნაწილდება მეტ ერთეულზე თითოეული პროდუქტის თვითღირებულება მცირდება.
მაშინ, რატომ არ იკლებს ფასი მასშტაბის ზრდისას საქართველოში? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი მუშაობს ოლიგოპოლიური ლოგიკით, სადაც კონკურენცია ფასებზე სუსტია, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ მაღალი მარჟები. სასურსათე პროდუქციაზე ისევე როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტზე მოთხოვნა შედარებით არაელასტიურია, რადგან საკვები და მედიკამენტები აუცილებელია ყოველდღიური პროდუქტია და ხალხი იძულებულია მაინც იყიდოს. ამასთან როდესაც ბაზრის კონცენტრაცია მაღალია, ფასების მანიპულაციის და მარჟების გაზრდის შესაძლებლობაც მაღალია. ხშირად დემპინგი გამოიყენება შესვლის ბარიერად დროებით დაბალი ფასით, ხოლო შემდეგ კი ფასების ზრდით და რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, თუ რეალური კონკურენციაა და ბევრი დამოუკიდებელი მოთამაშეა ბაზარზე, მაშინ, პრემიერის განცხადებებზე რატომ უნდა წევდენ მყისიერად დაბლა ფასებს?
„ფასების სწრაფი და ერთდროული რეაქცია პოლიტიკურ განცხადებებზე სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ბაზარი მგრძნობიარეა კოორდინაციაზე, სადაც მოთამაშეებს აქვთ ფასების მართვის შესაძლებლობა, რაც კონკურენტულ ბაზარში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სუპერმარკეტების ქსელების ზრდა საქართველოში წარმოადგენს არა კონკურენციის გაძლიერებას, არამედ ბაზრის კონცენტრაციის ზრდას, რაც სპობს ფასების ბუნებრივი შემცირების შესაძლებლობას. დიდწილად, ამის შედეგია, რომ მასშტაბის ეკონომია მაღალი ფასნამატით გარდაიქმნება მოგების ზრდად და არა ფასის შემცირებად!“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ სუს-ის წარმომადგენლები ქსელურ მარკეტებში შევიდნენ ერთადერთი მიზნით - დეტალურად შეისწავლონ ფინანსური დოკუმენტაცია და ნახონ, არის თუ არა მონოპოლია ბაზარზე და აქვს თუ არა ბაზრის მოთამაშეებს შორის ადგილი, კარტელურ შეთანხმებებს? „რეზონანსთან“ საუბრისას, სწორედ ამ მოსაზრებას ემხრობა ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
„იმისთვის, რომ პრემიერის ინიციატივით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რეალური დასკვნა გააკეთოს და ობიექტურად შეაფასოს ვითარება, თუ რა ხდება ბაზარზე, სუსი შევიდა მარკეტებში და გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია. აქ მხოლოდ ზეპირი საუბრები და შეხვედრები ქსელურ მარკეტებთან საკმარისი არ არის, აუცილებელია დოკუმენტაციის შესწავლა და არსებული რეალური მდგომარეობის შეფასება. უნდა დადგინდეს პროდუქციის რეალური თვითღირებულება. პრემიერმაც აღნიშნა, რომ ფასნამატი, საშუალოდ, 86%-ია. ისედაც ვიცით მომხმარებლებმა, რომ სხვადასხვა ქსელები არაკეთილსინდისიერ ზომებს მიმართავენ. ფაქტობრივად, რომელ ქსელშიც არ უნდა შევიდეთ, ფასები, დაახლოებით, ერთი და იგივეა. სუს-მა უნდა შეისწავლოს, არის თუ არა კარტელური შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ფასი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ამირან სალუქვაძემ.
მისი თქმით, პროდუქტის ფასი იწყება მისი წარმოებიდან დახლამდე და აქ მთელი ჯაჭვია. თუ იმპორტირებულ პროდუქციაზეა საუბარი, ფასში შედის ტრანსპორტირება, დაზღვევა, საწყობის ღირებულება, დისტრიბუცია, მარკეტის ხარჯები.
„სწორედ ეს ჯაჭვი უნდა შეისწავლონ ობიექტურად და დადგინდება, გონივრულ ფარგლებში ხდება ფასნამატი, თუ არა? არის კარტელური შეთანხმებები, თუ არა? არის მონოპოლიები გარკვეულ სეგმენტებში, თუ არა? დოკუმენტური შესწავლის გარეშე კი, ამას ვერ დაადგენენ“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ამირან სალუქვაძემ.