ნატალია ჯვარიძე
22.01.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ფასების დარეგულირება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დაგვიანებული. აცხადებს, რომ ახლა მთავარია ამას როგორ მოახერხებენ და ეჭვი ეპარება, განახორციელონ. მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ევროპას ამა თუ იმ საკითხში ვუსწრებთ, გამაღიზიანებელია და მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

იგორ კვესელავა: ფასების დარეგულირება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დაგვიანებული. თუმცა ეს პრობლემა თეორიული განცხადებებით არ გვარდება. გამოცხადება, რომ ფასები უნდა დარეგულირდეს, საკმარისი არ არის - მთავარი მოქმედებაა.

  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესს თავისი კანონები აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხსი სრული განხორციელება საქართველოში შეუძლებელია. რაც ხელისუფლებამ ამაზე საუბარი დაიწყო, ფასები კიდევ უფრო გაიზარდა.

აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებები, მაგრამ დიქტატორული გზებით მისი დარეგულირება გამორიცხულია. სახელმწიფო სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ გაკონტროლდეს. წლების მანძილზე, როცა არ აკონტროლებ, ახლა ასე უცებ ამის მოგვარება მარტივი არ გახლავთ. ამას შესაბამისი სპეციალისტები სჭირდება. ვინც იცის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ევროპას ვშორდებით და არ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, თან ოფიციალურად რუსეთთან ეკონომიკურად არ ვთანამშრომლობთ და არც ამერიკაა ჩვენთან ახლოს. ამ ფონზე ქვეყანა როგორ უნდა გაძლიერდეს? სასაცილოა, როცა ხელისუფლება იძახის, თითქოს ევროპას სხვადასხვა საკითხებში ვუსწრებთ. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს საზოგადოებას აღიზიანებს. ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან.

„რეზონანსი": ოპოზიცია ახალ გაერიანებაზე საუბრობს, რამდენად რეალურია ერთობის მორიგი მცდელობა?

ი.კ: ასე ხდებოდა კომუნისტების დროსაც, როცა გამოდიოდნენ და რაღაც ერთობაზე ლაპარაკობდნენ, ისინიც არ იყვნენ ლიდერებად ჩამოყალიბებული. თუმცა შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამოჩენამ ბევრი რამე შეცვალა. გამოჩნდა ლიდერი, რომელსაც ხალხი უჯერებდა და მიყვებოდა. არ ეწყინოს დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ასეთი ლიდერი არ გვყავს. ამიტომ არის, რომ ყველაფერი ყოვნდება და ხელისუფლებას საშუალებას აქვს თავის პოლიტიკის გასაგრძელდებლად. ამ წუთში ისეთ ლიდერს ვერ ვხედავ, რომ ხალხი დაუჯერებს.

ერთი ის მანუგეშებს, რომ არსებობს „თვისუფლების მოედანი", სადაც ზოგიერთი სერიოზულად მსჯელობს. მათი უფრო მჯერა, ვიდრე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს, რომ გახარიას სხვა პოლიტიკური ხაზი აქვს და გამორიცხული არ არის, ეს ხაზი ხალხის ინტერესების თავსებადობაში იყოს.

„რ": რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ღაზის „მშვიდობის საბჭოში" ამერიკამ საქართველო არ მიიწვია?

ი.კ: საქართველოს საერთაშორისო სივრცეში ავტორიტეტი დაკარგული აქვს. უფრო სწორად, ხელისუფლებას და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას" არ იწვევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველდღიურად არასწორ განცხადებებს აკეთებენ მათი მისამართით. ევროპა ხომ საერთოდ... ეს მოსახლეობის ბრალია? ეს „ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა. ამიტომ მათ ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, მარტო ლაპარაკი არ უშველის. იმდენად გაფუჭებულია ურთიერთობები, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზა დავკარგეთ. ასეთია დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან. სანამ რამეს იტყვიან, კარგად გაზომონ ყოველი სიტყვაც და მერე თქვან. წარმოიდგინეთ, პატარა ქვეყანა ვართ, ვის რა უნდა მივცეთ? ერთადერთი ზღვა გაგვაჩნია და ესეც რომ არ გვქონდეს, საქართველო დაღუპულია. პოლიტიკა დიპლომატიაა, რაც ზოგჯერ უკან დახევასაც ნიშნავს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არც ერთი კომპონენტით არ ვართ. საერთაშორისო ურთიერთობებიდან გარიყული ვართ. ეს ასე არ იყო და თუ არ გამოსწორდა, ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩავარდება.

„რ": რამდენად სწორია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა აქციების დროს დაკავებულები არ შეიწყალა?

ი.კ: ხელისუფლება დათმობაზე უნდა წასულიყო. ხალხს ეგონა, რომ გაათავისუფლებდნენ და ამ სიცივეში იყინებოდნენ. მაშინ გამოაცხადე, რომ ასე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ეს რა თამაშია? როგორ შეიძლება ასე? ხელისუფლება იმ 200-300 კაცს შეეჯიბრა. ამხელა ხელისუფლება ხარ და ამათ ეჯიბრები?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×