მარიამ ვეკუა
22.01.2026

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით შესაძლო სატრანზიტო დერეფნის გახსნაზე, თბილისში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია - ოპოზიცია ხელისუფლებას საქართველოს სტრატეგიული როლის შესუსტებაში ადანაშაულებს, ხოლო მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა კვლავ უალტერნატივოა.

ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორსაა."

ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.

„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები."

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ერთ სივრცეში იკრიბება გლობალური ძალა - პოლიტიკა, ეკონომიკა და უსაფრთხოება. საყურადღებოა, რომ ქართული დელეგაცია დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ ესწრებოდა.

დასუსტდება თუ არა სტრატეგიული როლი?

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ალიევის განცხადებას აფასებს, ამბობს, რომ ეს არის პასუხი საქართველოზე.

„ნებისმიერი ეკონომიკა მინიმალურ ზარალზეა გათვლილი და მაქსიმალურ მოგებაზე, ბუნებრივია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გზა არ მუშაობს, თორემ ის უფრო მოკლეამ ვიდრე გზა საქართველოს გავლით. გვახსოვს, საქართველომ თავიდან ტრანზიტისთვის რაღაც ასტრონომიული ფასი მოსთხოვა და ყველა მიხვდა, რომ ქართველები აპირებენ ამით ხელი მოითბონ.

 

  • პაატა ზაქარეიშვილი: „რატომ მოხდა აჟიოტაჟი, არ მესმის. რატომ არ მიუღებელი, რომ აზერბაიჯანს პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს სომხეთთან ისევე, როგორც საქართველოსთან?!"

„აშკარაა, რომ ალიევის განცხადება იმ ინტერესს შეესაბამება, რომ მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური მოგებით სომხეთთან ივაჭროს, ალიევს ხომ არ უთქვამს, რომ საქართველოსთან ვაჭრობა სომხეთის საშუალებით იქნებაო?! საქართველსთან გაგრძელდება ვაჭრობა საქართველოს მიმართულებით, სომხეთთან სომხეთის მიმართულებით. რატომ მოხდა აჟიოტაჟი, არ მესმის, რატომ არ მიუღებელი, რომ აზერბაიჯანს პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს სომხეთთან, როგორც პირდაპირი კონტაქტები აქვს აზერბაიჯანს საქართველოსთან?!"

„საქართველომ სამარცხვინოდ დაუმტკიცა, რომ ის აქედან აპირებს იმაზე დიდი მოგების მიღებას, ვიდრე მიღებულია კავკასიაში არსებული სტანდარტებით. ამით კიდევ ერთხელ უბიძგა სომხეთს და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება სწრაფად გახსნან ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ სატრანსპორტო გზები. ეს არის პასუხი საქართველოს ქმედებაზე."

ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე დერეფნის საკითხში, აღნიშნა, „ამას დერეფანთან არაფერი საერთო არ აქვს"

„საქართველოში დერეფნის ფუნქცია არსებობს, ეს არის პორტები. თუ ტვირთების ნაკადი პორტებისკენ შესუსტდება, ეს სხვა საკითხია. აქ საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე. ამას დერეფანთან არაფერი საერთო არ აქვს."

ოპოზიციის პასუხი

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ დავოსში ალიევის განცხადებაზე თქვა, ამით აზერბაიჯანის ლიდერმა საქართველოს ხელისუფლებას თავში კიდევ ერთხელ ჩაარტყაო.

„ეს ძალიან ცუდი განცხადებაა საქართველოსთვის და უპირველესად, დამნაშავე ხელისუფლებისათვის. როდესაც ხარ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ტრამპმა დიქტატორული სახელმწიფოები მიიწვია ღაზას „მშვიდობის საბჭოში"... მიიწვია ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა. (...) ყველა მიმართულებით დაუძლურებულ, მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე დარჩენილ ქვეყანას, ყველა მიმართულებით ექნება პრობლემა. გუშინ თავში ჩაარტყა ალიევმა [საქართველოს] კიდევ ერთხელ."

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე თქვა, „ოცნების" იზოლაციონისტურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, შედეგი გამოიღო"-ო.

„ლელოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათვქამია, რომ შესაძლოა, საქართველომ თავისი სტრატეგიული პოზიციები დაკარგოს.

„ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას. სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. აშშ ხდება გარანტორი აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის," - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

„პასუხის პასუხი"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ სატრანზიტო კუთხით საქართველოს როლი და ფუნქცია პრაქტიკულად, უალტერნატივოა.

„ვინც კი წაიკითხა და მოისმინა ილჰამ ალიევის სიტყვები, ნახა, რომ იქ არა საქართველოს ჩანაცვლებაზე არამედ დამატებით მარშრუტზეა საუბარი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ილჰამ ალიევმა ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანი შესაბამის ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოსა და თურქეთში, რომ საქართველოზე გადის როგორც ენერგომატარებლები, ასევე, შესაბამისი სატრანზიტო გზები და საქართველოს როლი და ფუნქცია ამ კუთხით, პრაქტიკულად, არის უალტერნატივო."

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული ფაქტი ოპონენტების მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენების პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს.

„ოპოზიციური მედიასაშუალებებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კონტექსტიდან ამოგლეჯა პირველი შემთხვევა არ არის. ამას ჩვენ მიჩვეული ვართ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს ვიდეო სრულად ნახოს. ბატონი ალიევი იქ საუბრობს იმაზე, რომ ვინაიდან აღდგა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ის მარშრუტი, რომელმაც უნდა გაიაროს უფრო მოკლე გზით - სომხეთის გავლით, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი ამუშავდება, მაგრამ ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×