
დონალდ ტრამპის განცხადებამ გრენლანდიაზე, რომელიც მან „მომავალი შეთანხმების ჩარჩოდ" მონათლა, არქტიკის საკითხი ნატოს დღის წესრიგში ისევ წამოსწია: ინიციატივას მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე სკეპტიციზმით შეხვდნენ, ხოლო ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის მიერ ტარიფების შემსუბუქება დეესკალაციის ნიშნად შეაფასეს.
დონალდ ტრამპის დაანონსებულმა ახალმა „ შეთანხმების ჩარჩომ", კუნძულის ადგილობრივ მოსახლეობაში ღრმა სკეპტიციზმი გამოიწვია.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას არქტიკული კუნძული სურდა, ამ გამოსვლიდან რამდენიმე საათში კი სოციალურ მედიაში „გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩოს" შესახებ დაწერა და რვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარაც გააუქმა. მოგვიანებით კი ეს ინიციატივა „შეთანხმების კონცეფციად" მონათლა.
კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს რთული საკითხია".
- ტრამპი: „ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა"
„ამას მოგვიანებით განვმარტავთ, მაგრამ ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა."
ასევე, აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანიამ შეთანხმებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„ვვარაუდობ, რომ ეს გააკეთეს, რადგან რუტე მათ წარმოადგენს. ის ძლიერი ლიდერია და ვფიქრობ, მათ ესაუბრება. ის ყველასთან საუბრობს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„დღე უკეთ დასრულდა, ვიდრე დაიწყო", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა. „ახლა კი დავსხდეთ და გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია ვუპასუხოთ ამერიკის შეშფოთებას არქტიკაში, დანიის სამეფოს წითელი ხაზების პატივისცემით."
„პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ სავსებით ნათელი გახდა, რომ მისი ამბიციები უცვლელია. რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რომ ითქვა - არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა.
გამოხმაურება ევროპიდან
იტალიის მემარჯვენე პრემიერი ჯორჯია მელონი ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, რომელმაც ოთხშაბათს ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია, თქვა, რომ „წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა".
როდესაც „ფოქს-ნიუსმა" რუტეს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა გრენლანდია დანიის სამეფოს შემადგენლობაში, რუტემ უპასუხა, რომ ეს საკითხი არ განხილულა.
- დანიელი პარლამენტარი: „ეს ნამდვილი მოლაპარაკებები არ არის; ეს ორი კაცია, რომლებმაც ისაუბრეს"
თავად ტრამპმა შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები გაამხილა, თქვა, რომ მოლაპარაკებები აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარზე, რომლის ნაწილი გრენლანდიაში განთავსდება, ისევ გრძელდება.
თუმცა, ზოგიერთმა დანიელმა პარლამენტარმა, მათ შორის საშა ფაქსემ, რომელიც მოლაპარაკებებიდან გრენლანდიის გამორიცხვამ გააღიზიანა, განაცხადა
„ეს ნამდვილი მოლაპარაკებები არ არის; ეს ორი კაცია, რომლებმაც ისაუბრეს", - უთხრა მან „სკაი ნიუსს". „შეთანხმება გრენლანდიის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია".
„შეთანხმების ჩარჩო"
ბრიტანული პრესის ცნობით, კომპრომისული შეთანხმების თანახმად, აშშ-ს შეუძლია გრენლანდიის მცირე ნაწილებზე, სადაც სამხედრო ბაზებია განთავსებული, სუვერენიტეტი გაავრცელოს. ეს პრინციპში ფარეთოდ აპრობირებული მოდელია, კერძოდ კვიპროსში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები რეალურად ბრიტანეთის ტერიტორიად ითვლება.
აშშ-ს ამ ტერიტორიაზე ფართო წვდომა უკვე აქვს და შეეძლება, ეს წვდომა ბაზების მშენებლობითა და სამხედრო საქმიანობის განხორციელებით გააფართოვოს.
„ტელეგრაფის" ცნობით, აღნიშნული შეთანხმების ჩარჩო აშშ-ს დანიის ნებართვის გარეშე მინერალებიც მოპოვების საშუალებასაც მისცემს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოაწერა თუ არა დანიამ ხელი შეთანხმებას.
„დეესკალაციის ნიშანი"
ნიდერლანდების პრემიერმა, დიქ შუფმა, ტრამპის გადაწყვეტილებას ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გაუქმებაზე „დეესკალაციის ნიშანი" უწოდა.
შეგახსენებთ, ტრამპმა დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფების ამოქმედებით დაემუქრა, რადგან ეს ქვეყნები აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესყიდვის წინააღმდეგები არიან.
სხვები კი აქცენტს, ტრამპის მუქარების შემდეგ, ფინანსურ ბაზრებზე არსებულ რყევებზე აკეთებენ. გლობალური ბაზრები ოთხშაბათს, მას შემდეგ აღდგა, რაც ტრამპმა ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა და ტარიფების შესახებ მუქარაც უარყო
„ბაზარი აღდგა, როდესაც მან თქვა, რომ ძალას არ გამოვიყენებდით", - თქვა საფონდო ბირჟების ანალიტიკოსმა მარკ ჰაკეტმა.სხვებმა აღნიშნეს, რომ ტრამპი მხოლოდ მაშინ იხევს უკან, როდესაც საფრთხე ფინანსური ბაზრებს ემუქრება.
ამერიკული გამოცემები იტყობინებიან, რომ ტრამპი ამ კვირაში ბაზრებზე მომხდარი ცვლილებებით, იმედგაცრუებული ჩანდა.
„ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ბელგია და საფრანგეთი, ტრილიონობით დოლარის ღირებულების აშშ-ს აქტივები აქვთ, მაგალითად, ხაზინის ობლიგაციები. თუ ისინი გადაწყვეტენ მათ გაყიდვას, ამან შეიძლება საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაზარდოს", - იტყობინება გამოცემა.