
პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ ინიციატივას პროდუქტებზე ფასების შემცირების შესახებ, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ამასაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემა კორუმპირებული ხელისუფლებაა, ხოლო ფასებთან დაკავშირებული ინიციატივები შოუს ხასიათს ატარებს". პრემიერი კი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება და პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს.
საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა 20 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს კვლევას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გარკვევით განაცხადა, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაიწყება:
- „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რას მოიცავს პროდუქციის ფასი, სად არის არალოგიკური ფასნამატი და რატომ არ შეესაბამება ისინი ევროპულ პრაქტიკას", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ამ სხდომას შეხვედრა მოჰყვა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რომელსაც სავაჭრო ქსელების 15-მდე თანამშრომელი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებამდე მივიდეს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
პოლიტიკური შეფასებები
„თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემა კორუმპირებული ხელისუფლებაა, ხოლო ფასებთან დაკავშირებული ინიციატივები შოუს ხასიათს ატარებს.
„ძალიან ლოგიკური კითხვაა, აქამდე სად იყო ეს პარტია.
- 12 წელი ჰქონდათ რაღაცის გასაკეთებლად და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ადამიანებისთვის ქვეყანაში ცხოვრება რთულია.
ეს არის კამპანიის ნაწილი იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" აფეთქდა საკუთარივე დადებულ ნაღმზე - კორუფციაზე. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა კორუფციისთვის კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ. მათი ერთადერთი ამოცანაა, ხალხის ძარცვა. ახლა მიხვდნენ, რომ ძალიან გაიჭედნენ, რადგან უწევთ ერთმანეთის დაჭერა. გადაწყვიტეს დაუძახონ სუს-ს და დაიწყონ ფასების რეგულირებაზე საუბარი.
„რეალური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების სათავეშია კორუმპირებული პარტია, ამიტომ ეს ყველაფერი არის შოუ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბიზნესს დაავალონ დროებით ფასების დაწევა, ისევ მათივე ხარჯზე", - აცხადებს ცუცქირიძე.
„ლიბერალური აკადემიის" ხელმძღვანელმა და „რეზონანსის" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა სასურსათო ფასების დარეგულირებაზე მთავრობის დაწყებულ მიერ დაწყებულ პროცესზე თქვა, რომ „ჩნდება სხვა კითხვებიც: იმპორტით დაკავებულ პოლიტიკოსებს ხომ არ აქვთ ინტერესი, რომ ადგილობრივი წარმოება არ განვითარდეს?"
„ე.წ. მთავრობა ძალიან ცუდ დღეშია. მას მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აქვს საგარეო და საშინაო თვალსაზრისითაც. ეს ძალიან „პოპულარული" საკითხები: ფასები სურსათზე, ბენზინი, ენერგომატარებლები და ა.შ. არის ის გზა, ანკესი, რომელზედაც არის წამოგებული საკითხები, რაც, მათი აზრით, მოაგებინებს საზოგადოების გულს. თუმცა ის არგუმენტები რაც მოჰყავთ, ხანდახან პარადოქსულია. როცა გვინდა ფასები შევამციროთ, ლოგიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ფასები თუ გვინდა შევამციროთ, კონკურენცია უნდა გავზარდოთ. მეორე მხრივ, გარკვეულწილად, უნდა შევისწავFლოთ ის თუ რატომ არის ადგილობრივი პროდუქტი არაკონკურენტული. აქ ჩნდება სხვა კითხვებიც. მაგალითად პოლიტიკოსებს, რომელიც იმპორტით არიან დაკავებულები, ხომ არ აქვთ ინტერესი, რომ ადგილობრივი წარმოება არ განვითარდეს და კონკურენცია გაიზარდოს?! ადვილია იმპორტი - იყიდე გაყიდე, ვიდრე აწარმოო და ქარხნები და ფერმები აშენო. იოლი ფული ქმნის პრობლემას. რაც შეეხება მაღაზიებისა თუ მარკეტების რაოდენობას, მგონი პირიქითაა, რაც უფრო მეტია მარკეტი, მეტია კონკურენცია და წესით უფრო დაბალი უნდა იყოს ფასი. საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ამიტომ არგუმენტი მოიყვანეს აბსურდული, რომელიც დათვლადია და აბსოლუტურად საპირისპირო სურათია. ჩემი აზრით, უფრო მეტად კორუფციული საკითხებია ფასებთან მიმართებით და ვფიქრობ, რომ ეს არის აქ მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატ ტატა ხვედელიანის განცხადებით, თუ გაზრდილ ფასებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, გიორგი გახარიას პარტია ამ კომისიაში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას გაითვალისწინებს ამ კომისიის მანდატი. მთავარი არის მიზანი, რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. თუ ამ კომისიაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და თუ ეს კომისია მართლაც დადებს ღირებულ და ქმედით რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა, ეს ძალიან წარმატებულ იქნება, თუმცა, ეს კომისიაც და ასევე სამთავრობო კომისიაც, რომელიც შეიქმნა, ქმედითი უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა ბიზნეს ჯგუფმა დაჩაგროს მეორე ბიზნეს ჯგუფი მთავრობის დახმარებით.
ბატონმა კალაძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ ბიზნესის 99% არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ასევე თქვა ის, რომ ამ მხარდამჭერების 99% არის "ქართული ოცნების" შემომწირველი. ანუ ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით ზეთში, კარაქში, პურში და სხვადასხვა პროდუქტში, ირიბად მიდის "ქართული ოცნების" შავ თუ თეთრ ყულაბაში. უნდა დადგინდეს, რა თანხა მიდის ყულაბაში და მოქმედებს თუ არა ეს ფასების გაზრდაზე", - განაცხადა ხვედელიანმა.