
არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი შანსი, ყველა პარტიის გაერთიანებაა.
„მინდა, მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ თანამებრძოლებს. სამწელიწად-ნახევარი ამ სასამართლოში არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრეთ. მოსვლა გადავწყვიტე, რათა შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს მძიმე პერიოდია. საქართველოს ისტორიის დიქტატურამ ფარდა ჩამოაფარა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, მაგრამ მოვედი, გითხრათ, რომ იმედი არის. რეჟიმი თავისუფალი სამყაროსგან კი არა, რუსეთისგანაც იზოლირებულია. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დაუნდობლობა, აქედან კი უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლიოთ შიში, ვთქვათ სიმართლე.
„ვარდების რევოლუცის“ რეფორმასაც ბევრმა ვერ აუწყო ფეხი, ნეპოტიზმს, კორუფციას დავეჯახეთ, იყო მძიმე შედეგები, მათ შორის ჩვენთვის. ბევრს არ მოეწონა. ლევან ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, სააკაშვილს საქართველოში დანია უნდა და ეს არ გამოვაო. გვთავაზობდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში ურთიერთობის გაგრძელებას. პატარკაციშვილი რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო. აქციები რომ მოეწყო მისი და უსოიანის მხარდაჭერით, მე გადავდექი თანამდებობიდან. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა კორუფცია, კრიმინალი? იქნებოდა თუ არა 800 000 სოციალურად დაუცველი?
არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი, ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ – სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა, თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც გააკეთა განცხადება.
„უკრაინას რაც შეეხება, ბოლოს ამ დარბაზში ვიყავი, როცა რუსული ჯარები კიევთან იდგა, რადგან ვერ შეძლეს კიევის დაპყრობა, ვერცერთი დიდი ქალაქის აღება, რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი, რომელიც ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, დამარცხებულია. დონბასიც კი ვერ აიღეს, რაც ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. ვინაიდან დამარცხებულები არიან, ჩვენ ყველა ვიქნებით გამარჯვებულები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.