
საქართველო კარგავს იმ შესაძლებლობას, რისთვისაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იბრძოდა და იმკვიდრებდა ადგილს, რომ რეგიონში ჰქონოდა სატრანზიტო ფუნქცია, ყოფილიყო დასავლეთის საიმედო პარტნიორი - ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობის ყოველი დღე ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდება,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება.
მისივე თქმით, საქართველო რჩება იმ რეალობის წინაშე, რომ გახდეს ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც ეკონომიკური პერსპექტივა აქვს და არც უსაფრთხოების გარანტიები.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, რომ ის სატრანზიტო ტვირთები, რაც აქამდე საქართველოს გავლით გადიოდა, ახლა სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო კარგავს იმ შესაძლებლობას, რისთვისაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იბრძოდა და იმკვიდრებდა ადგილს, რომ რეგიონში ჰქონოდა სატრანზიტო ფუნქცია, ყოფილიყო დასავლეთის საიმედო პარტნიორი.
ცვალებად საგარეო გეოპოლიტიკურ გარემოში, როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ინტერესების საუკეთესოდ დაცვას, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროკავშირის და აშშ-ს მხარდაჭერით მოახერხეს მიუხედავად მათი წარსული ურთიერთობისა ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა. აშშ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმს სთავაზობს, ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტორი ხდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს არათუ ახალი ფუნქციის შეძენას, არამედ არსებული გეოპოლიტიკური უპირატესობა დაკარგვას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობის ყოველი დღე ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდება. საქართველო რჩება იმ რეალობის წინაშე, რომ გახდეს ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც ეკონომიკური პერსპექტივა აქვს და არც უსაფრთხოების გარანტიები. ამას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამ მავნებლურ, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს, ეს რეალობად იქცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ნიშნავს სიღარიბეს, დაუცველობას, სამომავლოდ რეალური პერსპექტივის დაკარგვას“,-აღნიშნა სიორიძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა, რომ სომხური მხარისგან მიიღეს მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.