
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იგი არ გამოიყენებს სამხედრო ძალას გრენლანდიის დასაკავებლად.
„პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ სავსებით ნათელი გახდა, რომ მისი ამბიციები უცვლელია. რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რომ ითქვა – არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ იმ დიპლომატიურ გზას, რომელზეც შევთანხმდით გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ყოფნისას. შევთანხმდით ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო რუბიოსთან, რომ დავიწყებთ მაღალი დონის დისკუსიებს, რათა დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ამერიკული ინტერესების გათვალისწინება იმ საკითხებზე, რომლებსაც პრეზიდენტიც შეეხო თავის გამოსვლაში, ისე, რომ დაცული იყოს ჩვენი წითელი ხაზები“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ გამოიყენებს ძალას გრენლანდიის დასაკავებლად, თუმცა აღნიშნა, რომ კუნძული შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს.