
ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება".
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ახლა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს", რომ ევროპამ კონცენტრირება უკრაინაზე მოახდინოს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მუშაობს.
„ევროპა დიალოგსა და გამოსავლის მოძებნას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ერთად და სასწრაფოდ ვიმოქმედოთ.
„ჩვენ ისინი ვიცით: ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული ერთიანი ბაზარი და სამრეწველო ბაზა, ძლიერი ინოვაციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ერთიანი საზოგადოება და პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის ნამდვილი შესაძლებლობა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი გაერთიანების შექმნას.
„ამაზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც ტრამპმა ევროკავშირთან სიტუაცია გაართულა. აქ ბევრი საკითხია, მათ შორის გრენლანდიის თემა, რომელიც ფაქტობრივად, სამხედრო უსაფრთხოების თემაში გადადის.
ტრამპის ქცევა რამდენად მართებულია, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ, საერთოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ტრასატლანტიკური უსაფრთხოების სოლიდარობა. როგორც ჩანს, ევროპისა და ამერიკის დაპირისპირება გრენლანდიის თემასთან მიმართებაში, ახალ საკითხს აყენებს, რომ შეიქმნას სამხედრო ტიპის გაერთიანება ევროგაერთიანების ეგიდით. მართალია, ასეთ გაერთიანებას ფორმალური მისია ჰქონდა და ეს იყო დასავლეთ ევროპის კავშირი, მაგრამ სამხედრო პოლიტიკური ბლოკიც იყო. შემდეგ ეს გაუქმდა. სხვათაშორის, აქ 8 სახელმწიფო იყო გაერთიანებული, რომელსაც თავდაცვითი ბლოკი ჰქონდა. ნატოს მერე მეორე ეშელონი იყო საბჭოთა საფრთხის მოგერიების შემთხვევაში.
როგორც ჩანს ევროპელები ცდილობენ ახალი გაერთიანება შექმნან, აღადგინონ დასავლეთ ევროპული კავშირი. სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".