"ხორბლის პრობლემა არაა და აქედან გამომდინარე, ფასის ცვლილებას არ ველოდებით"
ირმა ჩიტაია
20.01.2026

წელს პურის გაძვირების ალბათობა თითქმის არ არსებობს. ბოლოს ფასმა კორექტირება შარშან შემოდგომაზე განიცადა. გლობალური მოცემულობა და შიდა ბაზარზე არსებული ვითარება, ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქტის ფასი შენარჩუნდეს. სექტორში გაძვირების წინაპირობას ვერ ხედავენ და ადასტურებენ, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუკი რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნება, თუნდაც ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით. 

ცხადია, ფასის ზრდა არა მარტო იმპორტზე, არამედ გადასახადებზე და წარმოების ხარჯებზეც არის დამოკიდებული. გარკვეული მიმართულებით შექმნილი მცირე სხვაობაც კი საწარმოო ხარჯზე ისახება. თუნდაც დაანონსებული ენერგომატარებლების გაძვირება და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არსებული მდგომარეობით, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში პურის ფასს არ შეეხებიან. 

შარშან პურის ფასმა კორექტირება ორჯერ განიცადა. ბოლოს კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. სოციალური პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებსა და წინა წლებთან შედარები, ფქვილის გაძვირებას ასახელებდნენ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს და ამ ეტაპისთვის, მისი გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. მით უმეტეს ენერგომატარებლების დაანონსებული ზრდაც ჯერჯერობით შეჩერებულია. "ამდენად, ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვერ ავტეხთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

,,პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. რუსული ხორბალი დაახლოებით 80 თეთრი ღირს. საქართველოში მოწეული ხორბალის უმეტესი ნაწილი ჯერ არ ჩაუბარებიათ. ამიტომაც, იმის წინაპირობა არ შექმნილა, რომ ფასმა მოიმატოს. თანაც, ენერგომატარებლების დაანონსებული ზრდაც, ჯერჯერობით შეჩერებულია. ე.წ. სახალხო პური, რომელიც ყველაზე მეტად გაყიდვადია 1.20-დან 1.30-ლარამდე მერყეობს. გარკვეული ასორტიმენტი გაძვირდა, მაგრამ ისიც არა ერთიანად. 

შევხედოთ რა იქნება. საერთოდ, გაძვირებაზე ბევრი კომპონენტი ახდენს გავლენას. ვხედავთ, რომ გეოპოლიტიკური სურათი მუდმივად ცვალებადია. ამ კუთხით არამდგრადი სურათია. გარეფაქტორებს გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც შავ ზღვაზე სირთულეები შეიქმნა, ის ხორბლის ფასზეც აისახა, მართალია ოდნავ, მაგრამ მაინც. 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კარგი მოსავალი ჰქონდა ყაზახეთს და რუსეთსაც. ყაზახური ხორბლის ნაწილი, ჩვენთანაც შემოვიდა. მოკლედ, ხორბლის პრობლემა არაა და აქედან გამომდინარე, ფასის ცვლილებას ნაკლებად ველოდებით," - აღნიშნა ,,რეზონანსთან საუბრისას დოლიძემ და დასძინა, რომ ენერგომატარებლების მიმართულებით მომავალში დაანონსებული ფასთა ცვლილება მეტწილად წისქვილკომბინატებზე იმოქმედებს. რადგან მათ მეტი ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე საცხობებს. 

მისივე განცხადებით ამ მიმართულებით ტექნოლოგიები მუდმივად ვთარდება და დღეს, ამ  პროდუქტის დამზადება ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს. 

,,მცხობელი მეტწილად ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. თანაც საცხობი ტექნოლოგიებიც გამარტივდა და ბევრად ეკონომიური გახდა. თუ ადრე პურის ცხობას 8 საათი სჭირდებოდა, ახლი ტექნოლოგიით 2-3 საათში  მზადდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კუთხით ევროპულმა გამჭრიახობამ აზიურ სიბრძნეს აჯობა. ამიტომაც, სწრაფი ტექნოლოგიებით ნაკლები ხარჯია", - დასძინა მალხაზ დოლიძემ. 

პურის ფასის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ხორბლია. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განმარტებით, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის ფასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობაა და ცვლილებებს არ ელოდებიან. 

,,ხორბლის და ფქვილის ფასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ  სტაბილური წელი გვქონდა. მართალია, გარკვეული გამოწვევა წლის დასაწყისში შეინიშნებოდა, მაგრამ  შემდგომაში დარეგულირდა. 

რაც შეეხება პურის ფასის ცვლლებას, არაერთხელ განვახცხადეთ, რომ კარგი იქნება, თუ პურის ფასის ინდექსს შემოიტანენ. რადგან, ძალიან ხშირად გვესმის, რომ პროდუქტზე ფასები ფქვილიდან გამომდინარე იცვლება, რადგან წამყვანი ინგრედიენტი სწორედ ესააა. თავისთავად ცხადია, რომ წამყვანი ინგრედიანტი ფქვილია, მაგრამ არა იმდენად, რომ მასზე ფასების ცვლილებამ სერიოზული კორექტირება გამოიწვიოს. შესაბამისად, რამდენიმე ძირითადი პარამეტრია პურში, რომელიც  მის ღირებულებაზე გავლენას ახდენს. ფქვილის გარდა, საფუარი, მარილი, ზეთი, სამუშაო ძალა, ენერგომატარებლები, დისტრიბუცია, ჯარიმები - ყველა ეს კრიტერიუმი გარკვეულ გავლენას ახდენს მის ფასზე. შესაბამისად, ბოლო გაძვირება რაც მოხდა, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ფქვილიდან გამომდინარე არ ყოფილა. თითქმის ერთი წელია ფასი სტაბილურია და ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 58-60 ლარამდეა. უფრო მეტიც, დეკემბერის თვეში, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 56 ლარამდეც კი ჩამოვიდა. 

აქედან გამომდინარე, ის კომპონენტები, რომლებიც თვითღირებულებაში შედის მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე იყოს, ამიტომ მომხრე ვართ, რომ პურის ფასის ინდექსი შემოვიღოთ, რათა თვიდან თვემდე შევხედოთ, რომელი კომპონენტის ცვლილებამ გამოიწვია ფასის კორექცია", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სილაგავამ.

მისივე თქმით, ძალიან ხშირად პურის ფასის ცვლილების მიზეზად ფქვილი სახელდება, რაც ხშირად არასწორია. 

,,ჩვენ არ ვეთანხმებით ამ არგუმენტებს. პურის მწარმოებლებმაც კი აღიარეს, რომ ბოლოს მომხდარი გაძვირების მიზეზი, ანაზღაურების გაზრდა, ენერგომატარებლები, დისტრიბუციის ჯარიმებით  და სხვა დამატებითი საჭიროებებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება კონკრეტულად ფქვილის ფასს, როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ ხორბალზე, ჯერჯერობით სტაბილურია. აქედან გამომდინარე,  უახლესი დღეების განმავლობაში ცვლილებას არ ველოდებით. თუ სხვა ინგრედიენტები გაძვირდა, ამაზე კომენტარს ალბათ პურის მწარმოებლები გააკეთებენ. მსოფლიო ბაზრის ყოველთვიური ანალიზი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ თითქმის ყველგან ნორმალური მოსავალია და ამ კუთხით, რაიმე სახის ცვლილება მოსალოდნელი არაა," - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას სილაგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×