
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კომისია მუშაობას არამხოლოდ სურსათის, არამედ მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც გააგრძელებს.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებდა საკითხის დეტალურ შესწავლას. აღნიშნულ საკითხებზე პარალელურ რეჟიმში იმუშავებს შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც.
„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს აპრილის ბოლომდე დაასრულებს. პარალელურად, შესაბამისი ჯგუფი პარლამენტში შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, მივაღწევთ სასურველ შედეგს,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის მოლოდინია, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაიწყება. ამასთან, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ფასების სტრუქტურაზე, მათ შორის, სად არის ფასნამატები და რამდენად შეესაბამება ისინი არსებულ ევროპულ პრაქტიკას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რას მოიცავს პროდუქციის ფასი, სად არის არალოგიკური ფასნამატები და სად არ შეესაბამება ისინი ევროპულ პრაქტიკას,“ - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.