ნატალია ჯვარიძე
20.01.2026

ბოლო დღეებში იქმნებოდა მოლოდინი, რომ ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს შეიწყალებდა. საბოლოოდ აქტივისტების შეწყალება არ მოხდა, რასაც „ოცნება" იმით ხსნის, რომ დაკავებულებმა „არ მოინანიეს" ჩადენილი დანაშაული. რატომ შეიქმნა ეს მოლოდინი და როგორ წავიდოდა პროცესები, თუ შეწყალება მოხდებოდა?

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს და მათ წინასწარ მიზანმიმართულად შექმნეს მოლოდინი, რომ 19 იანვარს შეწყალება იგეგმებოდა, რათა შემდეგ ამ მოლოდინის გაწბილების ხარჯზე საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინათ.

ნაწილის აზრით კი, ასეთი მოლოდინი უფრო ხელისუფლების წარმომადგენლების გამო - პრეზიდენტ ყაველაშვილის მინიშნებებისა და „ოცნების" წარმომადგენელთა ორაზროვანი განცხადებების გამო გაჩნდა.

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ მათი გარეთ გამოსვლის შემდგომაც „ნაკლებად რადიკალურები" გახდებიან.

„როცა მათ შეწყალებაზე ისმებოდა საკითხი, ვხედავდით როგორი აგრესიულები იყვნენ მათი ოჯახის წევრები და პირიქით, ციხიდან აქვეყნებდნენ წერილებს, რომ მათ შეწყალება არ სჭირდებათ. რას უკავშირდებოდა ნათლისღებას აგორებული ეს კამპანია? ერთია, რომ გადაეწურათ იმედები, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე - ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში ამ პატიმრების მიმართ სიბრალული უნდა გამოეწვია.

„ეს არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ მათი გამოსვლის შემდგომ ნაკლებად რადიკალურები გახდებიან", - განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატის თქმით, პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან ციხეებთან ლოდინი ხელოვნური და დადგმული პროცესი იყო, რადგან თავად პატიმრები შეწყალებას არ მოითხოვდნენ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების პროცესი არ გაუჭიანაურებია.

„რა არის ამაში ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ ისმოდეს კითხვა - შეწყალების აქტი რატომ გამოქვეყნდა საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება გათავისუფლება?

„ადამიანების ბედით სპეკულაცია არის ყველაზე დიდი არაჰუმანურობა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას გამოვცემ შეწყალების აქტსო. 19 იანვარს გამოიცა შეწყალების აქტი, 20 იანვარს დილიდან დაიწყო შეწყალებულ პირთა გათავისუფლება - რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება?", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მანამდე, 17 იანვარს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ადამიანები, ვინც არ მოინანიეს, არანაირ შეწყალებას არ იმსახურებენ, მეორე მხრივ, არსებობენ ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ამ შეწყალებით შეიძლება ვინმე დაფიქრდეს - გასაანალიზებელი აქვს პრეზიდენტს, ბევრ საკითხს უნდა გაუწიოს ანგარიში".

„ის, რომ შეწყალებაზე წინასწარ უარს ამბობენ, თუმცა, არ იციან, შეიწყალებენ, თუ არ შეიწყალებენ, ან ზოგადად დგას თუ არა ეს საკითხი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული სცენარი მოქმედებდა, მოქმედებს და უახლოეს პერიოდშიც არ შეიცვლება. ყველას თავისი როლი აქვს ამ სცენარში განაწილებული და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ საზოგადოების ყველა მხარე - ოპოზიციას ვუჭერთ მხარს თუ უმრავლესობას - რა სჭირდება ქვეყანას. სჭირდება იგივე ვითარება, რაც უკრაინაშია შექმნილი, თუ ჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და საკუთარი ქვეყნის გადარჩენა", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი კი ამბობს, რომ „ოცნებამ" ჯოჯოხეთი მოუწყო დაპატიმრებულ მომიტინგეებს და მათ ოჯახებს.

„ოცნებამ" შეწყალების აქტის არსიც კი წყალს გაატანა. შეწყალება ჰუმანური აქტია და ის, რაც გუშინ მოხდა - დაგვიანებით, გაწელვით, ადამიანების ფაქტობრივად ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ჩაგდებით - ჰუმანურობასთან კავშირი არა აქვს. არსებობს ტერმინი „წამება" და „არაადამიანური მოპყრობა". არ შეიძლება სხვა რამ დავარქვათ იმ ყველაფერს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი.

„გასათვალისწინებელია არა მხოლოდ პატიმრების ოჯახის წევრების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ ამინდიც, როცა ადამიანები მთელი დღის განმავლობაში თოვლსა და ყინვაში ელოდებოდნენ", - თქვა შარაშიძემ.

ერთ-ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ადამიანების განერვიულებას:

„რეჟიმის მხრიდან ვერაგული და ბოროტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. მარტო სინდისის პატიმრების კი არა, ზოგადად პატიმრების ოჯახები ანერვიულეს. შეიძლება მთელი წლის განმავლობაში იმდენი არ ენერვიულათ ამ ოჯახებს, ახლა რომ მოუწიათ ერთი დღის განმავლობაში".

რატომ იქმნებოდა შეწყალების მოლოდინი

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნიდა მოლოდინს, რათა შემდეგ ხმაური აეტეხა.

„ცხადზე ცხადია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერ საბაბს იყენებენ, რათა ხმაური ატეხონ, პირველ რიგში ტელევიზიით, რათა სალაპარაკო გაუჩნდეთ.

  • რომც ეთქვა პრეზიდენტს, რომ „ამას შევიწყალებ", მერე „ის" იტყოდა - „არა, არ გავდივარ აქედან" და ა.შ.

მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ამაზე ლაპარაკი იყო მორიგი სპეკულაციისთვის", - აღნიშნა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ასეთი მოლოდინი ხელისუფლებამ შექმნა.

  • მოლოდინი ძირითადად ხელისუფლებამ და პრეზიდენტის განცხადებებმა შექმნა. ასევე იმ სიტუაციამ, რაც ქვეყანაშია, აქციებს ვგულისხმობ. მოლოდინების შექმნა და მერე ამის არშესრულება გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზრემოქმედებაა არა მხოლოდ ამ პატიმრეზე, არამედ მათ გულშემატკივრებზე და საერთოდ საზოგადოებაზე,

რადგან ასეთი ორაზროვანი განცხადებები დადებით მოლოდინებს ქმნიდა. საბოლოოდ კი ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ჯობია ბოლომდე პრესის ქვეშ ამყოფოს ეს ახალგაზრდები, ვიდრე შეიწყალოს. როგორც ჩანს, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ასეთი ძალისხმიერი პოლიტიკა უფრო გამართლებულია", - თქვა ძაბირაძემ.

რამდენად სწორია ყაველაშვილის გადაწყვეტილება

პეტრე მამრაძის აზრით, ყაველაშვილს აქციების დროს დაკავებულები რომ შეწყალებინა, ხელისუფლების მხადამჭერები უარყოფითად აღიქვამდნენ.

„ჩემი აზრით, ყაველაშვილის გადაწყვეტილება ნამდვილად სწორია, რადგან ჩვენ გვახსოვს ამ პატიმრების ქცევები, როგორ უმოწყალოდ ესვრიდნენ საგნებს პოლიციელებს. ეს ადამიანები, რომლებმაც 140-ზე მეტი პოლიციელი დააზიანეს, არ უნდა შეიწყალოს. მერე გვახსოვს ორბელიანზე მომხდარი ინციდენტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. როგორ უნდა შეიწყალო, როცა არცერთი არ ინანიებს.

„ყაველაშვილს რომ შეეწყალებინა, მე, მაგალითად, არ გამიხარდებოდა და არც მოლოდინი მქონდა. ბევრ ადამიანს კითხვა დაებადებოდა - რა ხდება? გარიგებულები ხომ არ არიან? და ა.შ. მათ მხადამჭერებში კარგად არ იქნებოდა ეს აღქმული. ისინი (ოპოზიცია) ხომ სერთოდ - ატეხდნენ ერთ ამბავს, ვითომ ხელისუფლებას შეეშინდა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ აქციებზე დაკავებულების შეწყალება საბოლოოდ ხელისუფლებისათვის, შესაძლოა, მომგებიანიც კი ყოფილიყო.

„მე რომ მკითხოს კაცმა, ეს ხალხი სულ არ უნდა იყვნენ პატიმრობაში, მაგრამ ეს ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. თუ პროცესი იქით წავიდა, რომ ჩათვალეს, რომ უნდა გამოუშვან, ნებისმიერ დროს გააკეთებენ, დღესასწაულებს არ დაეოლოდებიან. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მიიჩნიეს, რომ უკეთესია, თუ პატიმრობაში დატოვებენ.

„რომ შეეწყალებინა, მათ (ხელისუფლების) მხარდამჭერებში გარკვეულწლად აჟიოტაჟი ატყდებოდა. ამიტომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან მერე ამას სისუსტედ ჩაუთვლიდნენ, რასაც, შესაძლოა, საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინა.

„მე არ ვთვლი, რომ მათი შეწყალებით რაღაც დიდი აქცია დაიწყებოდა. ჩემი აზრით, პირიქით, ხელისუფლებისთვის მომგებიანიც იქნებოდა. კი, შეიძლება თავიდან რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვია, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ საპროტესტო აქციებს ჩააწყნარებდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×