
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ღაზის მშვიდობის საბჭოს" ქმნის, რომლის მიზანიც იქნება ღაზის სექტორის აღდგენის კოორდინაცია და იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგი. საბჭოში გაწევრიანებაზე მოსაწვევები, არაოფიციალური ინფორმაციით, 60-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს გაეგზავნა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა მსგავსი მოწვევა საქართველომ.
ტრამპმა თავდაპირველად „მშვიდობის საბჭოს" შექმნა ღაზაში ომის დასრულების გეგმის ფარგლებში გამოაცხადა. თუმცა, გასულ კვირას მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევაში საუბარია კონფლიქტების გლობალურად დასრულების როლზე.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საბჭო გაეროს უშიშროების საბჭოს ერთგვარი კონკურენტი იქნება. ზოგიერთი დასავლური გამოცემა კი იმასაც წერს, რომ ტრამპის ალტერნალიულ, „საკუთარ გაეროს" ქმნის.
ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც ტრამპის მოწვევას დათანხმდა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა საბჭოში გაწევრიანებისაგან „ამ ეტაპზე" თავი შეიკავა. ტრამპი ამის საპასუხოდ საფრანგეთს 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება, თუკი „ღაზის მშვიდობის საბჭოში" შესვლაზე მოწვევას ოფიციალურად მიიღებს? მედიის ცნობით, საბჭოს შექმნის შესახებ, შესაძლოა, უკვე ამ კვირაში, შვეიცარიულ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოცხადდეს, რომელიც 19 იანვარს დაიწყო და 23-ში სრულდება. ამ ფორუმზე საქართველის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიწვეული არ არის.
რა არის „ღაზის მშვიდობის საბჭო"
16 იანვარს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „მშვიდობის საბჭოს" შექმნის შესახებ. იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ „თრუს სოუშალზე" დაწერა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე შექმნილა, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს".
ამავდროულად, თეთრმა სახლმა მსოფლიო ლიდერებს ამ საბჭოში გაწევრიანებისთვის მოწვევები დაუგზავნა. ამასთან, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამ მოსაწვევებს თან დართული ჰქონდა მომავალი ორგანიზაციის ქარტია, სადაც ღაზის სექტორი არ იყო ნახსენები.
როგორც „ბლუმბერგი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ქარტიაში ორგანიზაციის მიზანი ასე იყო ჩამოყალიბებული: „სტაბილურობის ხელშეწყობა, ჯანსაღი და ლეგიტიმური მმართველობის აღდგენა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა კონფლიქტით დაზარალებულ, ან საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე".
ბევრი ანალიტიკოსი „ღაზის მშვიდობის საბჭოს" აღიქვამს, როგოც გაეროს უშიშროების საბჭოს კონკურენტ ორგანიზაციას და დასავლური მედია წერს, რომ ტრამპი ამით „საკუთარ გაეროს" ქმნის
ამასთან, საბჭოს წესდების თანახმად, საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ პირველი წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარი უნდა შესწიროს, რაც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციას მოხმარდება. დროებითი წევრობა უფასო იქნება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საბჭოში თითოეულ ქვეყანას ექნება ერთი ხმა და გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუმცა, თითოეული მათგანი უნდა დაამტკიცოს საბჭოს თავმჯდომარემ - ტრამპმა. ის ასევე დაამტკიცებს წევრების საბოლოო სიას.
დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ კენჭისყრა გაიმართება წელიწადში ერთხელ მაინც, დამატებითი შეხვედრების გამოკლებით, „იმ დროსა და ადგილას, როგორც თავმჯდომარე საჭიროდ ჩათვლის". კენჭისყრის უფლების გარეშე შეხვედრები გაიმართება კვარტალში ერთხელ მაინც.
თსუს-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ ტრამპი მართლაც ცდილობს გაეროს მსგავსი ახალი ორგანიზაცია შექმნას.
„გასაგებია, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი მოქმედებებისა და მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტება, მათ შორის გაეროსი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ა.შ., რადგან მას მიაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები თავის ფუნქციებს სათანადო არ ასრულებენ და რაც მთავარია, ამერიკის ინტერესებს არ ასახავენ. ამიტომ მას აქვს ცდუნება მსგავსი ორგანიზაცია შექმნას, რომელშიც ყველა აქტიურად დაკავდება მსოფლიო მშვიდობის თემებით. თუმცა, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება, ამას დრო გვანახებს, ვინაიდან, როგორც ჩანს, მასში მოიაზრებს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის მსხვერპლსაც და აგრესორსაც. ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის და
- სავარაუდოდ, ბევრი ევროპული სახელმწიფო უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, სადაც მიწვეული იქნება პუტინი და ასეთი ლიდერები. მითუმეტეს, რომ სიტუაცია დაძაბულია გრენლანდიასთან დაკავშირებით.
ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს იდეა და მოახერხებს თუ არა ტრამპი ჯგუფის შეკვრას", - აღნიშნა კაკაჩიამ.
ვინ მიიღო მიწვევა და ვინ თქვა უარი
„როიტერსის" ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციამ 60-მდე ქვეყნას გაუგზავნა წესდების პროექტი და აქედან ნაწილმა განაცხადა თანხმობა, მათ შრის საქართველოს მეზობელმა სომხეთმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ღაზის „მშვიდობის საბჭოში" წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო.
„პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა ბაღდასარიანმა.
შეთავაზება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიიღო. კრემში აცხადებენ, რომ რუსეთი ჯერჯერობით სწავლობს ამ წინადადებას.
ტრამპმა საბჭოს წევრად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც მიიწვია და მისი პასუხიც დადებითია.
„ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მშვიდობის საბჭოს საქმიანობაში და ვიმედოვნოთ, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს და უფლებამოსილებებს ინიციატივით შემოთავაზებული მანდატის მიღმა. ეს საშუალებას მისცემს მას აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის მოგვარების გლობალურ პროცესებში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი აქტიურად უჭერდა მხარს ბოლო წლებში", - აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, რუსლან ვარანკოვმა.
საბჭოს წევრობაზე თანხმობა ჩინეთმაც განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, საფგრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი საბჭოში შესვლაზე ჯერჯეობით თავს იკავებს. როდესაც სამშაბათს ჟურნალისტებმა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხეს, მისი რეაქცია მკვეთრად ნეგატირუი იყო:
- „მან ეს თქვა? არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და შემოგვიერთდება, მაგრამ არ მოუწევს შემოერთება".
მოგვიანებით კი ტრამპმა მაკრონთან მისი პირადი მიმოწერაც გამოაქვეყნა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი მას „დიდი შვიდეულის" შეხვედრის ორგანიზებას და მაზე რუსეთის მოწვევას სთავაზობს.
მიიწვევენ თუ არა საქართველოს
კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს აღნიშნულ საბჭოში არ მიიწვევენ.
„ჩვენ არ ვიცით ამ საბჭოსთან დაკავშირებით ტრამპი რა პრინციპებით ხელმძღვანელობს - მასში მხოლოდ იმ ქვეყნებს მოიაზრებს, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართული, მხოლოდ ღაზის სექტორზეა საუბარი, თუ სხვა ქვეყნებზეც და ა.შ. აქედან გამომდინარე რთულია საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი, მითუმეტეს, რომ მის ინტერესებს საქართველო ამ ეტაპამდე არ წარმოადგენდა. ამიტომ ძნელია თქმა, გადაწყვეტს თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიწვევას.
„მე უფრო ველოდები, რომ საქართველო მიპატიჟებას ვერ მიიღებს გამომდინარე ორმხრივი ურთიერთობების დინამიკიდან, რაც ძალიან დაბალ დონეზეა.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც, სავარაუდოდ, საქართველოს არ მიიღებენ, არის ის, რომ, როგორც ამერიკის ბოლო ელჩმა აღნიშნა, საქართველო სტრატეგიულად უმნიშვნელო ქვეყანა გახდება იმ პოლიტიკით, რასაც აწარმოებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ საქართველო „სტრატეგიულად უმნიშვნელოა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".