
დიდი შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივია, როცა შეწყალების შესახებ გამოცხადდება, ოჯახი წევრებს მოლოდინი აქვთ, რომ იქნებ, მათ ახლობლებს ეხებათ შეწყალება.
„ოჯახის წევრების დამუნათება იმაში, რომ ყოველი შეწყალების დღეს ელოდებიან პატიმრების გათავისუფლებას ამორალური მგონია. არაერთხელ მითქვამს, რომ არანაირი მოლოდინი არ არსებობს ფუნდამენტური, მით უმეტეს, დიდი შეწყალების. ახლა ტაქტიკური მანევრი თუ იქნება და რამდენიმე ადამიანს შეიწყალებენ ამას მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ. რაც შეეხება ზოგადად ადამიანების დამუნათებას, ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დიდად მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა ბუნებრივია, როცა ოჯახის წევრი ციხეში გყავს და იცი, რომ შეწყალებაა, ყველა ადამიანი საქართველოში, არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების დედები, ფიქრობენ იმას, რომ იქნებ, მათი შვილები და ოჯახის წევრები მოხვდნენ ამ შეწყალებაში.
არანაირი ფუნდამენტური ცვლილებისათვის მზაობა არ არსებობს ქვეყანაში. „ოცნების“ მხრიდან ცვლილებაში ვგულისხმობ კრიზისის განმუხტვას. კრიზისი რომაა ქვეყანაში, ამას ყველა ამბობს და აცხადებს. შეუძლებელია ასეთ იზოლაციაში იყოს ქვეყანა, ამდენი პატიმარი ჰყავდეს, ასეთი გახლეჩილი იყოს საზოგადოება და კრიზისი არ იყოს, გასაგებია და ჩანს რომ, ივანიშვილი ჯერჯერობით არ აპირებს პატიმრების გათავისუფლებას, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი ამ კრიზისის განმუხტვისთვის“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მიმართავენ პატიმრები პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ პატიმრებს აქვთ პრინციპული პოზიცია და „ვერავინ დაამუნათებს“.
„მათ არაფერი ჩაუდენიათ. რეზო კიკნაძემ, რომელსაც ედავებიან იმას, რომ ქაღალდი ისროლა აქციაზე, შეწყალების დაწერის მორალური საშუალება არ აქვს ფაქტობრივად და არის უკომპრომისო პოზიციაზე ისევე, როგორც სხვები. არ მინდა კონკრეტული ადამიანები ჩამოვთვალო. ასეთია სხვადასხვა პატიმარი, რომლებსაც არაფერი აქვთ სინამდვილეში დაშავებული, ტყუილად სხედან ციხეში და არავისი შესაწყალებლები არ არიან. ეს არის მათი აღქმა და არ მგონია, მათი მორალური მსაჯულები ვიყოთ ის ხალხი, ვინც გარეთ ვართ. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ მათი უკომპრომისობა არის სამაგალითო“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.