
ახლა უკვე ლოდინს აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ თუ რაიმე გადაწყვეტილების გამოცხადება უნდოდათ, აქამდე გამოაცხადებდნენ. როგორც ჩანს, ეს შეწყალების აქტი შეიძლება გამოიყენონ სხვა პირების მიმართ, ვინც მათ სჭირდებათ და ამას, ბუნებრივია, ყაველაშვილი არ წყვეტს. მას ამ სიას მისცემენ, როგორც წინა ჯერზე მოხდა, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ნათლისღებასთან დაკავშირებით პატიმრების მოსალოდნელ შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ბესელიას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ შეწყალების აქტში ის პირები მოხვდებიან, რომლებიც საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს.
„მე პირადად არ მქონდა ასეთი მოლოდინი და რატომ გააჩინეს ასეთი განცდა, შესაძლოა, მოსინჯეს, რა რეაქციებსა და რა ემოციებს გამოიწვევდა. პატიმარს, რომელსაც აქვს უსამართლობის განცდა, ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ ყოველ წუთს შეიძლება მისთვის უსამართლოდ დახურული კარი გაიღოს და ამ ტყვეობას თავი დააღწიოს. კარგად ვიცნობ პატიმრის ფსიქოლოგიას და მათ ეს განცდა და მოლოდინი სულ აქვთ, მაგრამ ის ნაკლებად, რომ ახლა ვიღაცას გული აუჩუყდებოდა და ნათლისღების დღესასწაულზე ამ ყველა მძევალს საკნის კარს გაუღებდა.
შესაძლოა, ეს მათი („ქართული ოცნების“) მხრიდან იმიტომაც იყო პროვოცირებული, რომ სუსტ ადგილებს სულ ეძებენ ამ პოლიტიკურ პატიმრებში და ეს მინიშნებები - მოინანიონ და აღიარონ - წინა პერიოდშიც ხომ იყო ეს განცხადებები, არაერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა, სადაც პირდაპირ ამაზე მიანიშნებდნენ.
ახლა უკვე ლოდინს აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ თუ რაიმე გადაწყვეტილების გამოცხადება უნდოდათ, აქამდე გამოაცხადებდნენ. როგორც ჩანს, ეს შეწყალების აქტი შეიძლება გამოიყენონ სხვა პირების მიმართ, ვინც მათ სჭირდებათ და ამას, ბუნებრივია, ყაველაშვილი არ წყვეტს. მას ამ სიას მისცემენ, როგორც წინა ჯერზე მოხდა.
პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების მიმართ ეს მოლოდინი არ მაქვს, შეიძლება სხვა პირების მიმართ გამოსცა ეს აქტი და მოგვიანებით დადონ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბესელიამ.
მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საპროცესო შეთანხმების გაფორმება ძალიან უცნაურად და გასაიდუმლოებულად მოხდა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მას სურს, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი თანაგუნდელი მოინახულოს, თუ ღარიბაშვილს ბესელიასთან შეხვედრას არ აუკრძალავენ.
„მე და ირაკლი ღარიბაშვილს ერთ დროს მოგვიხდა თანამშრომლობა, ის პრემიერი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მე პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ბევრი გადაკვეთა გვქონია და საერთოდ, „ქართული ოცნება“ არ არსებობდა ჯერ, ვიდრე მას დავაფუძნებდით, იმ პერიოდიდან მოვდიოდით ერთად, როდესაც ივანიშვილი თავის დროზე გამოჩნდა, ამიტომ ადამიანურადაც ვთვლი, რომ სწორი იქნება ჩემი მხრიდან მისი მონახულება, თუ მასაც ექნება სურვილი, რა თქმა უნდა. მე არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ არ გამოვრიცხავ მის მონახულებას. თუ მას სურვილი ექნება, ვნახავ, თუ არ ექნება სურვილი ან ვინმე აუკრძალავს, ბუნებრივია, არ ვნახავ.
ძალიან უცნაურად მოხდა მისი საპროცესო შეთანხმების გაფორმება, გასაიდუმლოებული და ძალიან კონფიდენციალური იყო. როგორც წესი, ნორმალური არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები ასე კონსპირაციულად განიხილოს სასამართლომ. არ უნდოდათ, საზოგადოებას ენახა, რომ ეს ყველაფერი იყო ისეთი შეთანხმების გზით მიღწეული, რომელიც, როგორც წესი, კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ზოგადად, საპროცესო შეთანხმება, თავისი ბუნებით, იდება მაშინ, როდესაც ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ნება - ადამიანს უნდა, აღიაროს დანაშაული და მიიღოს ის სასჯელი იმიტომ, რომ თვლის, ეს არის მისთვის სამართლიანი და უფრო მძიმე სასჯელს თავი აარიდოს. არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება რაიმე ზეწოლით, რაიმე დაპირებით, სხვადასხვა გარე ფაქტორის ზეგავლენით და შეუძლებელია, ვინმეს სჯერა, რომ იმ საპროცესო შეთანხმების პირობები, რომლითაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აირჩია ღარიბაშვილმა, ეს თავისუფალი ნების პირობებში მოხდა?“ - აღნიშნა ბესელიამ.