
არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
კაია კალასი დანიის თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვივიან მოცფელდს შეხვდა.
„დანია და გრენლანდია მარტო არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს, რომლის განხილვაც ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან შეგვიძლია. თუმცა, ტარიფებით მუქარა ამის მოგვარების გზა არ არის", - წერს კალასი.
მისი თქმით, „სუვერენიტეტი ვაჭრობის საკითხი არ არის".
„ჩვენ დაპირისპირებას არ ვეძებთ, მაგრამ საკუთარ პოზიციას დავიცავთ. ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად ბევრი ინსტრუმენტი აქვს", - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.