
ირანსა და ვენესუელაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსოფლიო სანავთობო ბაზრები სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ სანქციების გამო, ირანული ნავთობი ისედაც შეზღუდულია და მსოფლიო სანავთობო ბაზარს არ მიეწოდება იმ მოცულობით, როგორც ადრე მარაგდებოდა. შესაბამისად, გაძვირების ტენდენცია არ იკვეთება.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, ის ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს ამარაგებენ, მიწოდებას გაზრდიან და თუკი ახლა სადმე დანაკლისი შეიმჩნევა, მარაგის შევსების კუთხით პრობლემა მოსალოდნელი არ არის.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება ,,ბიზნეს-რეზონანსთან" კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა შეაფასა. არსებული ვითარების მიუხედავად, იგი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ბაზარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და არც ფასი შეიცვლება.
,,გლობალური ბაზრების გავლენა დიდი დოზით არასდროს ასახულა. ჩვენი ინფორმაციით, ირანში დემონსტრაციები შეწყდა და ამ მხრივ ტრამპის განცხადებებმა ირანსა და ახლო-მახლო ქვეყნების სიტუაცია გაანეიტრალა. მშვიდობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის ბიზნესის სტაბილურობის მთავარი გარანტი და ამის მიღწევა შესაძლებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოება, რომ ირანი ისედაც შეზღუდულია ამერიკული სანქციების გამო და ამ ქვეყნებიდან მსოფლიოს ნავთობი არ მიეწოდებოდა იმ რაოდენობით, როგორც ადრე.
ჩვენ კი ირანიდან არანაირ ნავთობპროდუქტს არ ვიღებდით. რამდენიმე წლის წინ საგზაო ბიტუმის იმპორტს ვეწეოდით და ახლა უკვე ამასაც აღარ ვიღებდით.
რაც შეეხება ვენესუელას ფაქტორს, მსოფლიოში იგი თავისი მარაგებით პირველ ადგილზეა. მასაც ჰქონდა შეზღუდვა, მაგრამ ჩვენზე არ უმოქმედია, რადგან ამ ქვეყნიდან საწვავი არ მოგევწოდება. ვენესუელაში ნამდვილად დიდი მარაგია, რომელიც მძიმე ნავთობის კატეგორიას განეკუთვნება. ეს უფრო ბლანტი, სქელი ნავთობია და ყველა ქარხანა ვერ ამუშავებს. ყველაზე კარგი და მისაღები ჩვენთვის, არაბული ქვეყნების, რუსეთის და აზერბაიჯანის ნავთობია.
თანაც აშშ-მ დაუშვა უკვე ვენესუელადან ნედლი ნავთობით ვაჭრობა. ამდენად, თუ რამე დააკლდება მსოფლიო ბაზარს, შევსებაც მოხდება", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ადგილობრივ მარაგთან დაკავშირებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ არანაირი საფრთხე არ იკვეთება. ამ მხრივ დადებითი ფაქტორია მყარი ლარის კურსიც, რომელიც საწვავის ფასის სტაბილურობას განაპირობებს.
,,ქართულ ბაზარზე გავლენას მოახდენს მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ფასების ე.წ. გაქცევა, რაც არა მარტო ჩვენზე, მთლიანად გლობალური მასშტაბით აისახება ხოლმე. ვიმედოვნებ, რაც იყო ირანსა და ვენესუელაში და თუნდაც რუსეთში, რომელმაც საქართველოში მოწოდება აკრძალა, ვერც ერთი ფაქტორი საქართველოზე უარყოფით გავლენა ვერ მოუხდენს.
ჩვენ დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ამის ხელშემწყობია სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება და მოწოდების რეჟიმი. არც ერთი მიმართულებით ცუდი მოლოდინი არ არსებობს. არ შეინიშნება ისეთი რყევა, რომ ბაზარს ცუდად შეეტყოს. ნამდვილად გვაქვს სტაბილურობა და ვეცდებით ბოლომდე შევინარჩუნოთ. მით უმეტეს, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, საიდანაც დიზელის დიდი რაოდენობა მოგვეწოდება (40%-ს გასცდა). ბენზინს, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები გვაწვდიან, ასევე ბელარუსიიდანაც ვიღებთ. რამდენიმე თვეა, მოხმარების მხრივ 1 მლნ ტონას გადავცდით. ამ მაჩვენებლით დავხურეთ შარშანდელი წელი და ტენდენციას 2026 წელსაც შევინარჩუნებთ", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე სამომავლოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს ნავთობპროდუქტების გადამმუსავებელი ქარხნის გახსნა და ის სტაბილურობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
,,შეიძლება, საწვავი გაიაფდეს კიდეც საქართველოში, პრობლემა ნამდვილად არ არის მოსალდონელი. თუკი დროულად ამუშავდება ყულევის გადამმუშავებელი ქარხანა, უფრო უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. რაც შეეხება ხარისხის საკითხს, როგორც ვიცით, ბენზინზე ევროპული სტანდარტია, თუმცა მონიტორინგი ბოლო პერიოდში არ მოგვიხდენია და აქცენტს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. ზოგადად მეტი კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს, რაც აუცილებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს თხევად აირზე ძალიან ბევრი ავტომობილი გადაერთო. ამ ტიპის საწვავს მუდმივად ემატება მომხმარებელი და ასეა ევროპის ქვეყნებშიც. მას ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და შედარებით იაფი საწვავია. ჩვენ ცოტა გართულებული ვითარება გვაქვს ამ კუთხით, რადგან იგი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის და ზამთარში, რთული რელიეფური ვითარების გამო, იმპორტი გვიძნელდება.
მთლიანობაში, 2026 წლისთვის დადებითი მოლოდინია. რაც მთავარია, საწვავზე ფასი არ გაიზრდება. თუკი სადმე დანაკლისია, ის ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს ამარაგებენ, მიწოდებას გაზრდიან და მარაგიც შეივსება", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება ირანის ფაქტორს, რეალურად, ირანის ნავთობის ინდუსტრიის გავლენა უკანასკნელ წლებში, სანქციების გახანგრძლივებისა და შეზღუდული უცხოური ინვესტიციების გამო, შემცირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაზე ნავთობის გლობალური მიწოდების დაახლოებით 3% მოდის - დღეში 3.3 მილიონამდე ბარელს აწარმოებს.
სანქციების მიუხედავადაც, "ბლუმბერგის" მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში, ირანმა ნავთობის ექსპორტიდან 2.7 მილიარდ დოლარის შემოსავალი მიიღო და ეს მაშინ, როდესაც მყიდველების მოსაზიდად იძულებული იყო, ნავთობი ბაზრისთვის შედარებით მაღალი ფასდათმობით შეეთავაზებინა. "ბლუმბერგმა" ასეთ მოცემულობაში ირანულ ნავთობზე ერთ ბარელზე 45 დოლარი გათვალა.