
გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში კი სიტუაცია უცვლელია. სანამ მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი არ გადაიდგმება, აშკარაა, რომ ბიზნესი არაკეთილსინდისიერ გზას ადგას და მაქსიმალურად ცდილობს ზემოგებაზე გასვლას, სანამ ჯერ კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში სურსათის გაიაფება 40%-ით სავსებით რეალურია ისე, რომ დისტრიბუციას და სუპერმარკეტებსაც 8-15%-ის ფარგლებში სუფთა მოგება დარჩეთ.
იმის გამო, რომ ბაზარი გაზულუქებული იმპორტიორებისა და ბიზნესმენების ხელშია, სამომხმარებლო ბაზარზე დადებითი გავლენა მინიმალურ დონეზეც არ იგრძნობა და ამასობაში მოსახლეობის მდგომარეობა გაუსაძლისია. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასების პიკური პერიოდი დაძლეულია და ყველგან გაიაფების აშკარა ნიშნებია, მათ შორის სტრატეგიულ პროდუქტებზეც, სამწუხაროდ, საქართველო ამ ტენდენციას აცდენილია.
პრემიერმ ირაკლი კობახიძემ ფასებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა და გამოავლინა ნება, ქვეყანაში სასურსათო სიძვირეს ებრძოლოს.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ, რომელსაც აქვს ეჭვები, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან.
პრემიერის ინიციატიავს სპეციალისტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ბაზარზე არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და იმ შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანაში გაიაფების კუთხით არსებობს. პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ბაზარზე ექსკლუზიური შეთანხმებების არაერთი ფაქტია, რაც პირდაპირ კავშირშია სურსათის გაძვირებასთან და ბიზნესის არაკეთილსინდისიერ ქმედებას მოსახლეობის ინტერესები ეწირება.
,,მომწოდებლებს გარკვეული კავშირები აქვთ მწარმოებლებთან, ექსკლუზიური შეთანხმებებია, რაც გარკვეული გარიგების კვალს ტოვებს და პირდაპირ სიგნალია, რომ კონკურენციის სააგენტო უნდა ჩაერთოს. ამისთვის სახელმწიფომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს.
შევისწავლე სხვა ქვეყნებში რა ფასი აქვთ მწარმოებლებს სხვადასხვა პროდუქციაზე და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ თავისუფლად შეიძლება სურსათი 40%-ით გაიაფდეს.
არსებობს პირველადი მოხმარების სურსათის 140 სახეობა. ფასთა ანალიზს რომ ვაკეთებ, გამოიკვეთა, რომ 40%-ით ისე შეიძლება შემცირდეს ისე, რომ არც ერთი მხარეა არ დაზარალდეს. ამით ბიზნესი 7-8%-ს მოიგებს, ხოლო სუპერმარკეტები, მინიმუმ, 15%-იან მოგებას ნახავენ.
სააკაშვილმა 2007 წელს ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმა და განსაკუთრებით ამის შემდეგ დაიწყო გაძვირების ტალღა ბაზარზე. ნორმა და ზედა ზღვარი ყველა სეგმენტში უნდა იყოს. ჯანდაცვა, კვებას და განათლებას არ უნდა მივუდგეთ, როგორც ბიზნესს, ვინაიდან ადამიანის ცხოვრების ხარისხი მათზეა დამოკიდებული და სახელმწიფო ეს სფეროები მკაცრად უნდა აკონტროლოს. პირველ რიგში, კარტელური გარიგებები და ოლიგოპოლია უნდა დაარეგულირონ. როცა დარღვევები გამოვლინდება, ის პროდუქცია საერთოდ არ უნდა შემოუშვან", - განაცხადა ირაკლი გოგავამ და სურსათის ხარისხზეც გაამხვილა ყურადღება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნის.
,,ბევრ იმპორტიორს შემოაქვს ნაგავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პროდუქცია, რომელიც ერთი და იმავე ტრანსნაციონალური კომპანიის მიერ იქმნება, ევროპისთვის მაღალი ხარისხისაა, ჩვენთვის მდარე ხარისხისა და მავნებელიც. ხშირ შემთხვევაში, მონოპოლისტი იმპორტიორები თვითონ სთხოვენ მწარმოებელს, ხარისხი დააგდონ.
სხვა გზა არ არის, თუ ევროპის გზით მიდის ქვეყანა, პირდაპირ დაწესდეს ევროსტანდარტი და მერე თვითონ გააკონტროლონ. რომელი ბრენდიც არ უნდა შეიძინო, თითქმის ყველა შემთხვევაში, ხარისხი პრობლემაა და მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე კეთდება ფული, დაბინძურებული სურსათით მეტი მომხმარებელი ჰყავს ფარმაცევტულ ბიზნესს, ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე ხდება.
მაგალითად, პრობლემაა ზეთთან დაკავშირებითაც. მზესუმზირის ზეთში ურევენ პალმის ზეთს, რომ გააიაფონ პროდუქცია. რაფინირებული პალმის ზეთი კი უკვე დიდი საშიშროებაა მომხმარბლისთვის, ზეითუნის ზეთშიც არის მსგავსი დარღვევები. მთელი მანიპლულაციებია, რასაც სხვადასხვა პროდუქტის წარმოებისას იყენებენ. ამიტომ ყველა ზომა უნდა მიიღოს ქვეყანამ, რომ ასეთი სურსათი ბაზარზე არ მოხვდეს", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.
ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ 40%-იანი კლება ბაზარზე გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ ამის რესურსი რეალურად არსებობს. ეკონომის დავით ჩიხელიძის ვარაუდით, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება 15%-იანი კლება, რასაც რამდენიმე თვეც შეიძლება დასჭირდეს.
,,ფაქტია, რომ ფასები მაღალია და ამას როგორმე უნდა ებრძოლოს სახელმწიფო. 40%-იანი კლება ვერ იქნება. არის პროდუქტები, რაზეც დაიკლებს 10-15%-ით. საერთოდ კი, ჩემი დაკვირვებით კლების დიაპაზონი 20-40%-ის დიაპაზონში სავსებით რეალურია, მაგრამ არ მგონია, ამ მაჩვენებლამდე შეამცირონ.
სამწუხაროდ, ბიზნესი აგრძელებს მოსახლეობის ძარცვას, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს და ეს ვალდებულება მას აქვს აღებული მოსახლეობის წინაშეც. გარკვეულ პროდუქციაში ნამდვილად არის 40%-იანი სხვაობა და მეტიც. თუ პატიოსანი თამაშის წესებით იხელმძღვანელებენ, სავსებით მარტივია გზების გამონახვა, რაც პროდუქციას გააიაფებს. დღეს პრობლემაა, რომ მონოპოლიზებულია ბაზარი და რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ხელშია.
ამიტომ კონკურენციის სააგენტომ უნდა ჩაატაროს კვლევა, როგორც თავის დროზე ნავთობის კუთხით მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი და როცა მთავრობა ზომებს მიიღებს, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რაც სურსათის ფასზე დადებით გავლენას იქონიებს. ვიმედოვნებ, კარტელკური შეთანხმებები გამოვლინდება, შეამცირებენ ფასებს და შეღავათს მომხარებელი იგრძნობს. ცხადია, ეს ერთბაშად არ მოხდება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" დავით ჩიხელიძემ.
ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების და ზოგადად სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, თუმცა კონტროლი მაინც აუცილებელია, რადგან საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ქვეყანაში არასწორად ესმით.