
ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების ყველა დეტალს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები გვექნება ყველა ნიუანსის გასარკვევად", - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო", რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.
საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამერიკა ცდილობს ოთხეულის საბჭოს აღდგენას, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს დაარეგულირებს.
„თავის დროზე იყო საბჭო, სადაც შედიოდა ოთხი დიდი სახელმწიფო - რუსეთი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათ აღმოსავლეთში მშვიდობა მოიტანეს, რადგან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი დაარეგულირეს და პალესტინამ ავტონომიის ფართო სპექტრი მოიპოვა.
როგორც ჩანს, ახლა ამერიკამ ამ ოთხეულის აღდგენა გადაწყვიტა, რომელიც ეცდება აღმოსავლეთში სიტუაცია დაასტაბილუროს. სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი. მართალია პუტინი ტირანია, მაგრამ რუსეთს ვერავინ ამოიღებს, რადგან ის არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. თან რუსეთს გააჩნია პირდაპირი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში. ბოლოსდაბოლოს სირიაში სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".