მარიამ ვეკუა
19.01.2026

ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივას, რომელსაც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აყენებს, მმართველ გუნდში სკეპტიკურად აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთიანობის იდეას თავად ოპოზიციონერებიც არ ენდობიან, მაშინ როცა ოპოზიციაში საუბრობენ ერთიანი პლატფორმის შექმნაზე და თანამშრომლობის ახალ ფორმატზე.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის, თეიმურაზ პაპასქირის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომლის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის და ერთიანი პლატფორმის პრინციპები შეთანხმდება. პაპასკირის განცხადებით, პროცესში ყველა პარტია მონაწილეობს და კონკრეტული პროდუქტი მალე დაიდება.

 

  • პაპასქირი: „დოკუმენტი ღიაა და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას "ლელოც" შეუერთდება"

პაპასქირი: „დოკუმენტი ღიაა და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას "ლელოც" შეუერთდება"

მან ამ კონტექსტში პარტიაზე "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" ისაუბრა.

"გახარიას პარტია დღეს ოპოზიციას არ წარმოადგენს. ეს პარტია შესულია პარლამენტში და იმ რეიტინგის მესამედიც არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ჰქონდა. ეს პარტია, პრაქტიკულად, მილევად რეჟიმშია და არ წარმოადგენს საკუთარ ამომრჩეველს, ვინც მას 2024 წლის არჩევნებში ხმა მისცა. რაც შეეხება "ლელოს", დოკუმენტი ღიაა და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას "ლელოც" შეუერთდება", - განაცხადა პაპასქირმა.

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის ამაზე საუბარი. მისი თქმით, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა და კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რაღაცები „გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება", ერთ-ერთი პრობლემა კი ნდობის არარსებობაა.

 

„უხერხემლო ლიდერები"

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „სხვა ლიდერების უხერხემლობას ხედავს".

„აბსოლუტურად გასაგებია რა ვითარებაა - გირჩმა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა. ხოლო სალომე ზურაბიშვილი იმ გეგმის ერთ-ერთი ფაქტორი და ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მის თავში მოიხარშა. არ ვიცი, ეს როდის მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლიდერის სადავეების ხელში აღება უნდა, რადგან სხვა ლიდერების უხერხემლობას ხედავს. ჰგონიათ, რომ გირჩი ჯაფარიძისგან ძლიერი და გამაერთიანებელი ფაქტორი შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამაში ცდებიან."

ვოლსკის თქმით, „ამოცანა, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია, უცვლელია, რომ როგორმე საქართველოში ის მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს,"

 

  • ვოლსკი: გირჩმა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა.

 

„სისხლში ჩამხრჩვალ უკრაინას უკიჟინებენ, რომ მისი გზა ევროპისკენ მიდის და ევროკავშირის წევრი დაჩქარებულად გახდება. ასეთი ეიფორია არსებობს მათ შორის, ჩვენს ბედოვლათ ოპოზიციაში და ზურა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ ამ ეიფორიას სათავეში ჩაუდგეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბისას განაცხადა, რომ არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.

"[ზურაბ] ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება. ეს არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან ასრულებენ დაკვეთებს. რაც შეეხება ე.წ გაერთიანებებს - თვითონაც აღარ სჯერათ, ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ და იმ ალტერნატიული წინადადებისთვის არ არის მიმართული, რომელიც თუ ოპოზიცია ხარ წესით იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე ხელისუფლებას აქვს.

ესენი კი ამბობენ, ხელისუფლება რომ კარგს აკეთებს, ეს თქვენ გეჩვენებათო, ყველაფერი ცუდად არის სანამ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვალთო. მოსვლა როგორ უნდათ, ყველამ კარგად იცით - არჩევნების გარეშე. რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული. თუ ამოცანა გაქვს ნული, არაეროვნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო ნული იქნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×