რეზონანსი
19.01.2026

დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშუალებითაც იყრება ტექნიკური მარილი.

დედაქალაქის მერი, მოადგილეებთან ერთად იყო კოჯორში, სადაც ტექნიკური მარილის დატვირთვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართულები არიან დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ან თბილისის მერიის ცხელ ხაზს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

„დამუშავება ხორციელდება როგორც ტექნიკური მარილით, ისე გაწმენდის საშუალებით. გზის სავალი ნაწილის გარდა, მუშავდება ფეხით სავალი ნაწილები, გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები და კიბეები. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი 20 იანვრის გამთენიამდე დარჩება მობილიზებული, რადგან, პროგნოზის მიხედვით, 20-ში, დილის 10:00 საათამდე ინტენსიური თოვაა გამოცხადებული განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი პაპავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×